
ბარამიძემ ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა. ძალიან გული მწყდება, რომ საერთოდ ახლოს არაა რეალობასთან, - ასე აფასებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებას.
ზაქარეიშვილი ქართველებისთვის ტყვეების დახვრეტის დაბრალებას აბსურდსა და ბოდვას უწოდებს.
"მე და გია ერთი პერიოდი ვმეგობრობდით კიდეც და სანდრო კავსაძის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ერთადაც ვმუშაობდით. ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული ეს კომისია ომის დროს შეიქმნა - ეს იყო ტყვეთა გაცვლა, დაღუპულთა გადმოსვენება, დევნილების გამოყვანა და ა.შ.
მეც დავდიოდი და ბარამიძეც, მაგრამ ამასობაში არჩევნები ჩატარდა, ბარამიძე პარლამენტის წევრი გახდა და კომისიის მუშაობიდან ამოვარდა. მე კომისიაში მუშაობას ვაგრძელებდი, ბარამიძე პარლამენტში იყო და ზოგჯერ გვეხმარებოდა. იშვიათად ჩამოდიოდა, როცა ტყვეთა გაცვლა იყო. შეიძლება იყო ფრაგმენტები, მაგრამ ეს არ იყო რეგულარული. მაჩვენოს ერთი პროტოკოლი, სადაც ტყვეთა გაცვლისას ბარამიძის გვარია. ვერ მოიტანს. ყველგან ჩემი გვარია. ამ ყველაფერს მე ვმართავდი.
ბარამიძე იბრძოდა, იარაღი ეჭირა, ფორმა ეცვა, მაგრამ ტყვეთა გაცვლის კონტექსტში უშუალოდ ჩემთან ჰქონდა ურთიერთობები. საიდან მოიტანა, რომ ტყვეებს ვხვრეტდით? ეს აბსურდი და ბოდვაა. თითო-ოროლა შემთხვევა ორივე მხრიდან მართლა იყო, მაგრამ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იყო, ყარყარაშვილი გიჟს ჰგავდა ხოლმე, პროკურატურა საქმეებს აღძრავდა და ამ თემას ძალიან მკაცრად ვუყურებდით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.
ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ვეტერანები მიიჩნევენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სიტყვები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
თავდაპირველად, გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვიდეომიმართვა ჩაწერა და ტყვეების დახოცვა "ხალხს" დააბრალა.
0
0