30/10/2024
14:39
არჩევნები 2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე. გარდა ამისა საია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი, ხოლო „ქართულ ოცნებას“ უბნებზე დამონტაჟებული ჰქონდა კამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს.
„ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენის პრინციპებს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით №01-01/1607 საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა. ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბების და სისტემურობის გათვალისწინებით, საიამ ასევე მიმართა პროკურატურას ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ორგანიზაცია.
განცხადების მიხედვით, ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე.
საიას სადამკვირვებლო მისიას ჯამში წარდგენილი აქვს:
- 11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე;
- კენჭისყრის დღეს საიას დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა;
- შემაჯამებელი ოქმების ბათილობა გარდა ტექნოლოგიებით განსაზღვრული 2263 უბნის ბათილობისა, დამატებითი საფუძვლებით მოთხოვნილია 1 ტრადიციულ უბანზე;
- 460 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა;
- 349 უბნის შემთხვევაში შესაბამისი უბნის კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
0
0