
სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო, – ამის შესახებ საია-ს წარმომადგენელმა, თამარ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ონიანის თქმით, საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი.
„სტრასბურგის სასამართლოს თქმით, მოცემულ საქმეს შეიძლება, მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმის სტატუსი, რაც ნიშნავს სასამართლოს მხრიდან ამ საქმის პრიორიტეტულობის დანახვას, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, შეაფასოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფარულობის დარღვევის და ასევე საარცევნო კანონმდებლობაში სხვა დაკავშირებული ხარვეზები. საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება. საია საჩივარში ასევე დავობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. საია-მ აღნიშნული საჩივარი 2025 წელს გაგზავნა სტრასბურგის სასამართლოში.
საზოგადოებისთვის ცნობილია და სტრასბურგიც სასამართლოც უსვამს ამ საკითხს ხაზს, რომ საია, როგორც გამოცდილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა საოლქო-საარჩევნო კომისიაში ელექტრონული ტექნოლოგიების არასწორი გამოყენებით გამოწვეული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის თაობაზე საჩივრები წარადგინა. აღნიშნული საჩივრები შეეხებოდა შესაბამის ოლქებში შემავალი, ყველა იმ უბნის, ჯამში – 2 200/63, შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, შემდგომ კი სასამართლოებმა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
გამონაკლისი იყო მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. ამდენად, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს პოზიცია, რამდენად იყო ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ უბნებზე თავისუფალი არჩევნების უფლება უზრუნველყოფილი. ასევე დაირღვა თუ არა ფარული კენჭისყრის პრინციპი საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ხმის მთვლელი ელექტრონული ტექნოლოგიების ფუნქციონირების წესის გამო. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცესკო-ს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საია-მ აღმოაჩინა ფარულობის დარღვევის რისკები და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკო-ს, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლმების აღმოსაფხვრელად. 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით, საია-ს ეცნობა, რომ ცესკო-ს მიერ გამართულ შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი წარმოადგენდა სატესტო ვერსიას, ხოლო კენჭისყრის დროს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც ფარულობას უზრუნველყოფდა.
სტრასბურგის სასამართლომ სამი საჩივარი გააერთიანა და საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლით, რომელიც გულისხმობს თავისუფალი არჩევნების უფლებას და მე-13 მუხლის, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების ფარგლებში. სასამართლო ზემოხსენებული საკითხების გარდა, ასევე იმსჯელებს და შეაფასებს, არღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისთვის სახელმწიფოს ვადად 2026 წლის 15 მაისამდე განუსაზღვრა“, – განაცხადა თამარ ონიანმა.
კითხვაზე, რომ „მომჩივნების ნაწილი, კერძოდ, ინდივიდუალური ჯგუფი ითხოვდა დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმებას, რაზეც სასამართლომ არც კი იმსჯელა“, თამარ ონიანმა განაცხადა:
„არსებულ საქმეში სამი საჩივარია გაერთიანებული. აქედან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ერთი სარჩელია წარდგენილი. ჩვენი მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა, ვგულისხმობ დროებით ღონისძიებას, არ ყოფილა“, – აღნიშნა იოსელიანმა და დასძინა, მისთვის ეს საკითხი უცნობია.
„სასამართლო როდესაც აერთიანებს საჩივრებს, ეს დამოკიდებული არ არის მომჩივნების ნებაზე. სასამართლოს მსგავსი ტიპის დავებთან დაკავშირებით, აქვს შესაძლებლობა, გააერთიანოს საჩივრები და უკვე გაერთიანებულად დაიწყოს არსებითი განხილვა“, – განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა.
0
0