
ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის პირობებში, საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს,- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
აქვე აღნიშნულია, რომ 2024 წლიდან მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მნიშვნელოვნად შეავიწროვა უფლებადაცვითი საქმიანობის სივრცე, რამაც გავლენა მოახდინა საია-ს საქმიანობაზეც. შესაბამისად, საია-ს განმარტებით, მათ უკვე მოუხდათ არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის, იმ პროგრამების, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფდა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), 31 წელზე მეტია, საქართველოს კონსტიტუციურ ინტერესებს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის გზით ემსახურება. დაარსებიდან დღემდე, საია-ს უფლებადამცველებმა 1.3 მილიონზე მეტი უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია გასწიეს. უფასო სამართლებრივ დახმარებას ორგანიზაცია ადამიანებს საქართველოს 9 რეგიონში უწევდა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, დუშეთში, რუსთავსა და თელავში. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგად, ათასობით მოქალაქემ შეძლო საკუთარი უფლებების ეფექტიანად დაცვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლო ორგანოებში.
დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში მუშაობენ. 2024 წლიდან მიღებულმა არაკონსტიტუციურმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასა და/ან მის სრულად ელიმინაციაზეა მიმართული, მნიშვნელოვნად შეავიწროვა უფლებადაცვითი საქმიანობის სივრცე. გარდა ამისა, რეპრესიულმა გარემომ სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა, სრულად შეეწყვიტა ან მკვეთრად შეემცირებინა საქმიანობა, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნის რეალურმა რისკმა მათ მუშაობაზე მუდმივი ზეწოლის რეჟიმი დაამკვიდრა.
არსებულმა გარემომ გავლენა მოახდინა საია-ს საქმიანობაზეც. ორგანიზაციას დროებით მოუხდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის, დაზიანდა ის პროგრამები, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფდა, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ათასობით მოქალაქე ვეღარ მიიღებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც წლიურად ყოველდღიური უფასო პირადი, სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციებით, დოკუმენტების მომზადებითა და საპროცესო წარმომადგენლობით იღებდა.
ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის პირობებში, საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს. 31-წლიანი გამოცდილებითა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობით, საია ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას.“- ნათქვამია განცხადებაში.
0
0