01/05/2025
22:46

2025 წლის 30 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1527-ე სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
საგარეო უწყების ცნობით, გენერალური მდივნის 31-ე ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ანგარიში მიიღება წელიწადში ორჯერ და ფარავს პერიოდს – 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, 31-ე კონსოლიდირებული ანგარიში წარადგინა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.
„იგი მიესალმა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას საქართველოს მხრიდან და მტკიცედ დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას. გენერალურმა მდივანმა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები. გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული მექანიზმების, მათ შორის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების, შესვლის შეზღუდვის გამო. გენერალურმა მდივანმა გამოხატა მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მიმართ და ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
„მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს კონსოლიდირებული ანგარიშის მიღების და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისათვის. დარსალიამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ადგილზე არსებული ვითარების შესახებ; ისაუბრა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკას. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. დასასრულ, მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას.
0
0