
საქართველო ერთადერთი კანდიდატი ქვეყანაა, რომელსაც უთხრეს, რომ მისი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილი ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გვერდით არ არის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სამადაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირის ორგანიზებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიწვეული არ არის.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის არ მიწვევა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე არის ყველაზე ნათელი ნიშნული, რომ ხელისუფლებას ევროკავშირის ლეგიტიმაცია არა აქვს.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ საგანგებო სხდომაზე, სადაც საქართველოს საკითხი განიხილებოდა. მე და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მიგვიწვიეს, მხოლოდ სხდომაზე არა, გვერდით ოთახში, ინდივიდუალური შეხვედრებისთვის მინისტრებთან. მახსოვს, როგორი სიმძაფრით შევიგრძენი, რა უუფლებო, რთულ მდგომარეობაში ხარ, როდესაც არ ეკუთვნი ამ დაცული, მდიდარი, წარმატებული ქვეყნების კლუბს, გვერდით ოთახში გიწევს ჯდომა და "ღარიბი ნათესავის" როლში ყოფნა, როდესაც შენს ბედზე მსჯელობენ. ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ სწორედ იქ, ევროპული საბჭოს სხდომათა დარბაზში მოგვეპოვებინა ჩვენი ადგილი.
გავიდა წლები და აღმოჩნდა, რომ მოსაცდელ ოთახშიც აღარავინ გვეპატიჟება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს მიწვევა გარკვეული პერიოდულობით დაიწყო 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში განკუთვნილი ფორმატით.
დღეს, 2025 წელს, საქართველოს უკვე ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს. შესაბამისად, კიდევ უფრო აქტუალური უნდა იყოს ჩვენი დასწრება საბჭოს სხდომაზე. თუმცა, რუსული რეჟიმის დამსახურებით, საქართველო ერთადერთი კანდიდატი ქვეყანაა, რომელსაც უთხრეს, რომ მისი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილი ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გვერდით არ არის.
ბოჭორიშვილის არ მიწვევა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე არის ყველაზე ნათელი ნიშნული, რომ ამ ხელისუფლებას ევროკავშირის ლეგიტიმაცია არა აქვს, ივანიშვილის რეჟიმს არავინ განიხილავს არც ქართველი ხალხის რეალური ინტერესების ამსახველ პოლიტიკურ ძალად, არც დემოკრატიულად არჩეულად და არც პარტნიორად”, - წერს სალომე სამადაშვილი.
ინფორმაციისთვის, „რადიო თავისუფლების“ ევროპის საკითხების რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, რომ ევროკავშირის ორგანიზებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არ არის მიწვეული. როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, თბილისი მხოლოდ ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
შეხვედრას, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში არის დაგეგმილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების გარდა, ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
0
0