
ძალიან შემაშფოთებელი, საგანგაშო მდგომარეობაა, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიით ვლინდება თავის ტვინის მოცულობის შემცირება, როდესაც ის არის უფრო პატარა, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში. თუ ამ სიტუაციას აღმოაჩენ, საჭიროა ძალიან კომპლექსური გამოკვლევა, - ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა და ნევროლოგმა შახინ ემანუელ ლაჰანიმ საქალაქო სასამართლოში ვიდეოჩართვისას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით გამოკითხვისას განაცხადა.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თავის ტვინის მოცულების შემცირება ასოცირებულია იმ დაავადებებთან, რომელიც მას გააჩნია, მათ შორის, დემენციასა და ეპილეფსიაზე.
აღნიშნულით მან ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რას უკავშირდება 2022 წლის 17 მაისის ტომოგრაფიის შედეგი, სადაც აღნიშნულია, რომ თეთრი ნივთიერების სიმკვრივე შემცირებულია, ამასთან, საუბარია დემიელინიზაციაზე.
„ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, საგანგაშო მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიით ვლინდება თავის ტვინის მოცულობის შემცირება, როდესაც ის არის უფრო პატარა, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში. თუ ამ სიტუაციას აღმოაჩენ, საჭიროა ძალიან კომპლექსური გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილება. თავის ტვინის მოცულების შემცირება ასოცირებულია იმ დაავადებებთან, რომელიც მას გააჩნია, მათ შორის, დემენცია და ეპილეფსია.
სამეცნიერო თვალსაზრისით, კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ძალიან დიდ ალბათობას წარმოადგენს ის, რომ თეთრი ნივთიერების შემცირება დემენციის ერთ-ერთი შედეგია. იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი სურათი, მინდა ვთქვა, რომ დემენციის დიაგნოზი მარტო კომპიუტერული ტომოგრაფიით არ ისმება. დიაგნოზი კომპლექსური, ნევროლოგიური კვლევით ისმება. გონებრივი შესაძლებლობების შეფასება ხდება 2-დან 30-მდე, ის ყველა შემთხვევა, სადაც 26-ზე ნაკლებია, მეტყველებს თავის ტვინის დაზიანებაზე. ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ ეს ქულა იყო 20, ეს მეტყველებს, რომ პათოლოგიაა“,- აღნიშნავს ექსპერტი.
მან გულყრის ეპიზოდებზეც ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, გულყრების ყველაზე მძიმე შესაძლო შედეგი უცაბედი სიკვდილია.
0
0