15/08/2023
15:01
პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ენმ-ის ეს მოთხოვნა პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაყვანაა, რაც სიმართლის დადგენას არ შეუწყობს ხელს და დაეხმარება “ოცნებას”, ჰიბრიდული საინფორმაციო ომი აწარმოოს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
მათივე განცხადებით, თუ ენმ არ შეწყვეტს მავნებლურ პოლიტიკას, “ოცნებასთან” ერთად, თანაბრად გაიზიარებს პასუხისმგებლობას შოვის ტრაგედიის ირგვლივ სიმართლის დადგენის პროცესის ჩაშლაზე:
“ჯერ კიდევ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გაჟღერებამდე, დავიწყეთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით წინასაგამოძიებო პროცესი და ათეულობით კითხვით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, იმისათვის, რომ კომისიის გზით დადგინდეს სიმართლე, ეს თანაბრად უნდა იყოს ყველას ინტერესში, რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ვხედავთ. დღეს, კომისიის შექმნას ნაციონალური მოძრაობა ადამიანური ტრაგედიიდან მორიგი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად იყენებს, ხოლო ოცნება - ნაციონალური მოძრაობის ამ მავნებლურ პოლიტიკას - სიმართლის, თავად კომისიის და დაზარალებულების დისკრედიტაციისთვის, რითაც ნებისმიერ, პირველ რიგში კი, მორალურ პასუხისმგებლობას არიდებს თავს.აღსანიშნავია, რომ ნაცმოძრაობამ კომისიის შექმნის საკითხი საპარლამენტო სხდომების დაწყებამდე ბევრად ადრე, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის გარეშე მაშინ დააყენა, როცა გარდაცვლილები არ იყვნენ დაკრძალულები და ყველა დაკარგული ჯერ კიდევ არ უპოვიათ. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა, პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაყვანაა, რაც სიმართლის დადგენას კი არ მოემსახურება, არამედ დაეხმარება ოცნებას, ჰიბრიდული საინფორმაციო ომი აწარმოოს საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ, აბსურდული ნარატივით დაუპირისპირდეს ოპოზიციას და სტიქიით დაზარალებულ ადამიანებსაც კი, და საბოლოოდ მოიხსნას ნებისმიერი პასუხისმგებლობა”, აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
0
0