18/04/2023
11:12
პოლიტიკა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, საქართველოს ევროპული მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აქუბარდიას თქმით, კომისიის შექმნა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სფეროში არსებული პრობლემების საზოგადოებისთვის ჩვენებას.
"საგამოძიებო კომისია რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთი მოცემულობაა. საზოგადოებისთვის ამ პრობლემების გამომზეურება, ერთის მხრივ შექმნის მტკიცებულებას და მეორეს მხრივ, დამატებით კიდევ უფრო დიდ ბერკეტს და წინაპირობას შექმნის იმისთვის, რომ რეალურად მოხდეს მართლმსაჯულების ის რეფორმა, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაშიც არის გამოთქმული", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა, 11 აპრილის რიგგარეშე სესიაზეც სურდა, თუმცა პროცესი გადაიდო. მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" ორი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილისა და ანი წითლიძის უცხოეთში გამგზავრება გახდა. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად სულ 50 დეპუტატის ხმა არის საჭირო, ოპოზიციაში კი 56 მანდატია.
0
0