29/06/2023
09:29
მსოფლიო
საფრანგეთში პოლიციელის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 17 წლის მოზარდის დაღუპვის გამო გამოწვეული პროტესტი გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, არეულობის მეორე ღამის დროს სულ მცირე 77 ადამიანი დააკავეს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დამწვარი ავტომობილები და დარბეული მაღაზიები. პარიზში მომიტინგეები პოლიციის შენობებს პიროტექნიკით ესხმოდნენ თავს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ჩრდილოეთ ქალაქ ლილშიც. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მონს-ენ-ბარულის გარეუბნის მერიაში ადამიანები დოკუმენტებს და სკამებს წვავენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არასრულწლოვნისთვის ცეცხლის გახსნა "უპატიებელია".
„არაფერი არ ამართლებს ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილს“, - განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა, „რათა სამართლიანობა აღსრულდეს“.
საპროტესტო ტალღა 17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელსაც პოლიციელმა ესროლა. მოზარდის ოჯახის ადვოკატები უარყოფენ პოლიციის ვერსიას, რომ პოლიციელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ახალგაზრდა მათ არ დაემორჩილა და ავტომობილით დაჯახებით დაემუქრა. ნანტერის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მძღოლს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პროტესტი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის გარეუბანში, ნანტერში დაიწყო, სადაც შემთხვევა მოხდა და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
0
0