15/09/2023
16:30
მსოფლიო
Apple-ი iPhone 12-ის მოდელის შეცვლას გეგმავს. საფრანგეთი კომპანიას ადანაშაულებს, რომ Iphone 12-ის რადიაციული ზემოქმედება ევროკავშირის სტანდარტებს აჭარბებს.
საფრანგეთში iPhone 12-ის გაყიდვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საფრანგეთის რადიაციული სიხშირეების ეროვნულმა სააგენტომ ტელეფონიდან ელექტრომაგნიტური გამოსხივება აღმოაჩინა და Apple-ს პრობლემის მოგვარებისთვის მიმართა. კომპანიის განცხადებით, სპეციალური სატესტო პროტოკოლის შესაბამისად, iPhone 12-ი მხოლოდ საფრანგეთის მომხმარებლებისთვის განახლდება.
ამერიკული ტექნიკური გიგანტის ვარაუდით, მოწყობილობა გლობალურ სტანდარტებს შეესაბამება და მის რადიაციულ გამოსხივებას "შემაშფოთებელი ეფექტი არ აქვს".
„iPhone 12-ის გამოსხივება ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის დაშვებულ ზღვარს აღემატება. საფრანგეთის რადიაციული სიხშირეების ეროვნული სააგენტო iPhone 12-ის შეცვლილ მოდელს გამოცდის და, თუ ის ევროკავშირის სტანდარტებს დააკმაყოფილებს, iPhone 12-ი ქვეყანაში ისევ გაიყიდება,“ - განაცხადა საფრანგეთის ციფრული ეკონომიკის მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მანამდეც ცდილობდა გაეფანტა საზოგადოების შიში მობილური ტელეფონებიდან რადიაციულ გამოსხივებასთან დაკავშირებით.
„Apple-ის ვებსაიტზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რათა დავასკვნათ, რომ ელექტრომაგნიტური ველების დაბალი ზემოქმედება ადამიანისთვის საზიანოა,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
iPhone 12-ის სმარტფონი ბაზარზე პირველად 2020 წლის სექტემბერში გამოვიდა და ის კვლავ მთელ მსოფლიოში იყიდება.
მიმდინარე კვირის დასაწყისში Apple-მა საფრანგეთის რადიაციული სიხშირეების ეროვნული სააგენტოს შეფასება გააპროტესტა. კომპანიის თქმით, მათ მარეგულირებელს უკვე მიაწოდეს მესამე მხარის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული ლაბორატორიული შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ მოწყობილობა ყველა შესაბამის რეგულაციას აკმაყოფილებს.
საფრანგეთის ციფრული ეკონომიკის მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ Apple-ს ორკვირიანი ვადა მისცა და თქვა, რომ შესაძლებელია "თოვლის გუნდის ეფექტის" მიღება, რადგან საფრანგეთმა თავისი დასკვნები ევროკავშირის მასშტაბით სხვა მარეგულირებლებსაც გაუზიარა. აღნიშნულ საკითხს ბელგიის, ნიდერლანდებისა და გერმანიის მარეგულირებელი სააგენტოებიც განიხილავენ.
0
0