08/12/2023
11:29
მსოფლიო
საფრანგეთში თაღლითობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ხანდაზმულ პირებს ათასობით ევროს ფასად ბაღლინჯოს ნაკბენის მკურნალობას სთავაზობდნენ, რაც მათ, სინამდვილეში, არ სჭირდებოდათ.
სტრასბურგის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცები ხანდაზმულთა სახლებში მიდიოდნენ, მათთვის ყალბი კონტროლის მომსახურებას ანხორციელებდნენ და შემდეგ ,,სამკურნალო პროდუქტებისთვის“ მაღალ ფასს ახდევიდნებდნენ.
თაღლითური სქემით, სულ, 48 ადამიანი მოატყუეს, ბევრი მათგანი 90 წელს გადაცილებული ქალი იყო.
როგორც BBC-ი წერს, ბოლო თვეებში, საფრანგეთში ბაღლინჯოებით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.
აღნიშნულმა პრობლემამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეშფოთება გამოიწვია. მთავრობის წარმომადგენლები შესაბამისი ზომების მიღებაზე მუშაობენ. ენტომოლოგებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ეპიდემიამ ასევე მოსახლეობაში ჰალუცინაციური გამოვლინებების ზრდა და დაუსაბუთებელი ისტერია გამოიწვია.
ხელისუფლების განცხადებით, სავარაუდო თაღლითები თავიანთ მსხვერპლს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათ უბანში ბაღლინჯოების შემოსევა იყო. შემდეგ ისინი კონკრეტულ პირთან სახლში მიდიოდნენ, საკუთარ თავებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებად წარმოაჩენდნენ და აეროზოლური სპრეით თითქოს ,,სივრცის დეზინფიცირებას ახდენდნენ“. სავარაუდო თაღლითები ხანდაზმულებს ,,მალამოს“ სთავაზობდნენ, რომელიც, მათი თქმით, კანს ბაღლინჯოს კბენისგან დაიცავდა. ,,მალამო“, სინამდვილეში, ევკალიპტისგან დამზადებული ჩვეულებრივი სურნელოვანი კრემი იყო. ის 300-დან 2100 ევრომდე ღირდა.
პოლიციის ინფორმაციით, საეჭვო თაღლითობის თაობაზე მათ, სულ ცხრა ოფიციალური საჩივარი მიიღეს. პოლიციამ ეჭვმიტანილები მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა და იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი, სტრასბურგში, სავარაუდო მსხვერპლის სახლიდან გადიოდნენ.
0
0