
საფრანგეთში, ასობით ათასი დემონსტრანტი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დაგეგმილ ბიუჯეტის შემცირებას აპროტესტებს, რამაც ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩაშალა.
გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურა სკოლები, რასაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოჰყვა. ერთ-ერთმა პროფკავშირმა, მემარცხენე CGT-მ, განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრუნო რეტაილოს განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს 309 ადამიანი დააკავეს, ხოლო დემონსტრაციებს, სავარაუდოდ, 7300 „რადიკალიზებული“ მომიტინგე შეუერთდა. შეტაკებების შედეგად, დაშავდა 26 პოლიციელი.
მომიტინგეები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდნენ, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 18 თვეში ეწურება. მომიტინგეები მას გადადგომისკენ მოუწოდებენ, ხოლო სამხრეთით მდებარე ქალაქ ნიცაში, დემონსტრანტებმა მაკრონის ფიგურა ჰაერში ააგდეს.
ქუჩებში მობილიზებულია 80 000-ზე მეტი პოლიციელი, რომლებიც მომიტინგეების მიმართ დრონებს, ჯავშანტექნიკას, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენი გაზს იყენებენ. პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ ისინი კმაყოფილები არიან პროტესტის მასშტაბებით.
მარსელში, AFPTV-ის რეპორტიორმა დააფიქსირა პოლიციელი, რომელიც მიწაზე წაქცეულ მომიტინგეს ურტყამდა, პოლიციის ცნობით კი, მათ „მტრულად განწყობილი“ დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ.
0
0