23/11/2022
14:22
მსოფლიო
საფრანგეთს არ სჯეროდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივის, გერმანია კი, თავდაპირველად, უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა, – ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჯონსონის თქმით, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი შეჭრის დაწყებამდე, დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
ჯონსონმა ასევე გააკრიტიკა იტალიის თავდაპირველი პასუხი შეჭრის საფრთხეზე. ბორის ჯონსონის განცხადებით, მარიო დრაგის მთავრობა პირველ ეტაპზე ამბობდა, რომ ვერ შეძლებდნენ ბრიტანეთის პოზიციის მხარდაჭერას, რადგან ისინი დიდწილად დამოკიდებული არიან რუსულ ნახშირწყალბადებზე.
„ეს იყო დიდი შოკი. ჩვენ ვხედავდით რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების შეკრებას, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული პერსპექტივები ჰქონდა. პირველ ეტაპზე გერმანიის შეხედულება იყო, რომ ეს თუ მოხდებოდა, რაც კატასტროფა იქნებოდა, მაშინ უმჯობესი იქნებოდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო და უკრაინა მოხრილიყო. მე ამას მხარს ვერ დავუჭერდი. ვფიქრობდი, რომ ეს იყო დამღუპველი გზა, მაგრამ მესმის, რატომ ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ისე, როგორც აკეთებდნენ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ომის დაწყების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
0
0