
ულტრამემარცხენე პარტიის, „უშიშარი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის შუამდგომლობის დაუყოვნებლივ განხილვას მოითხოვს.
„სებასტიან ლეკორნუს გადადგომის შემდეგ, ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ განიხილონ პარლამენტის 104 წევრის მიერ ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგენილი შუამდგომლობა“, – წერს ჟან-ლუკ მელანშონი სოციალურ ქსელ X-ზე.
პარლამენტის წევრებმა მაკრონისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების წინადადება მას შემდეგ წარადგინეს, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პოსტიდან გადადგა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ დღეს დილით მიმართა პრეზიდენტ მაკრონს გადადგომის თხოვნით. ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს თხოვნა დააკმაყოფილა. ლეკორნუმ საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სულ 27 დღე იმუშავა – ეს არის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადა. ლეკორნუმ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება 5 ოქტომბერს დაასრულა. ახალ მთავრობას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტიები მაშინვე დაემუქრნენ უნდობლობის გამოცხადებით. ცნობისთვის, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ფრანგების უმრავლესობა არ ფიქრობდა, რომ ლეკორნუ შეძლებდა კომპრომისის პოვნას და პარლამენტში ისეთი ბიუჯეტის წარდგენას, რომელიც საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას მიიღებდა.
0
0