
საფრანგეთის საელჩომ უნდა გაიგოს, აქ სულელი არავინ არის, რომ დავიჯეროთ, რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეჭვი აქვს, რომ ეს არაპირდაპირი გზით აქციების დაფინანსებაა.
„კითხვაზე, რატომ არ ასაჯაროებს საფრანგეთის საელჩო გრანტის გაცემის საკითხებს, ჯიმ რიშის სიტყვებით გიპასუხებთ – ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? – საფრანგეთის ელჩს ამას ვეტყოდი. დასამალი თუ არაფერია, რატომ მალავს და რატომ არის წინააღმდეგობა? განცხადება იყო, რომ კონკურსი იყოო და ყველა ელჩს შევახსენებ, რომ ისინი ამ ქვეყანაში სტუმრად არიან. პრივილეგიაა ნებისმიერი დიპლომატიისა თუ ორგანიზაციისთვის, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა. ეს პრივილეგია პასუხისმგებლობასთან ერთად მოდის. ისე არ არის, რომ ქვეყანაში ჩახვიდე, ფულები აქეთ-იქით ყარო და შემდეგ პასუხისმგებლობას არ გრძნობდე, ამ ფულით რა ხდება. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანასა და ორგანიზაციას აქვს გამოცდილება, როდესაც წლების შემდეგ აღმოაჩენდნენ ხოლმე, რომ ექსტრემისტები და პოლიტიკოსები დაუფინანსებიათ. როგორც ვხედავთ, საფრანგეთის ელჩს გამჭვირვალობა არ სურს. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება იყო, თითქოს ეს კონკურსი იყო, პასუხი არ არის. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არანაირი კონკურსი არ ყოფილა და ის მავნე პრაქტიკაა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საუბრობს, როდესაც პოლიტიკური გავლენების გასატარებლად გარიგებებით იყო გრანტების გაცემა. სუბიექტები, ვისაც საფრანგეთის ელჩმა ფული მისცა, ყველა პოლიტიკოსია. ირაკლი ხვადაგიანი ამ პარლამენტის წევრი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულში შედიოდა. იმ მწამებელი პარტიის, რომელთა თაობაზეც საგამოძიებო კომისიაში კიდევ ერთხელ ვისმენთ, როგორ არეკეტებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს. მათ საფრანგეთის ელჩმა ხელფასი დაუნიშნა. გიორგი კანდელაკი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი იყო, როცა ხელისუფლებაში იყო. ის წამებისა და რეკეტის სისტემის თანაშემოქმედია. საფრანგეთის ელჩმა სწორედ მას დაუნიშნა ხელფასი. მოტივაცია, რომ ეს ტურისტული მარშრუტების დასადგენად არის, ასეთი განცხადებები ცოტა შეურაცხმყოფელია.
მგონი, საფრანგეთის საელჩომ უნდა გაიგოს, აქ სულელი არავინ არის, რომ დავიჯეროთ, პოლიტიკოსებს, თან რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ. სინამდვილეში, ეჭვი მაქვს, რომ ეს აქციების არაპირდაპირი გზით დაფინანსებაა. ზუსტად ის გზებია, რაც უჩა ნანუაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის დაპრანკულ ინტერვიუში მოვისმინეთ, სადაც გეგმას ათანხმებდნენ, აქციები გარედან როგორ უნდა დაფინანსდეს. პრანკების ინტერვიუში რაც ითქვა, არის ის, რასაც საფრანგეთის საელჩოს დაფინანსებაში ვხედავთ. როგორც ჩანს, სინამდვილეში, ეს არის აქციების დაფინანსება, რაც მათი პასუხისმგებლობაა. ჩვენ პირველი შედეგი ვნახეთ, როცა საელჩო კითხვებს არ პასუხობს და ემალება კითხვას, ქართველი ხალხის ტერიტორიაზე ფულს რატომ ხარჯავს, რა კონკურსი იყო. პასუხებს ემალებიან. კანდელაკი და ეს ხალხი ფულის მოღებიდან მალევე, პირველივე განცხადებაში თავს დაესხნენ მედიას და ხელისუფლებას. როგორც ჩანს, საფრანგეთის საელჩო ამაში იხდის ფულს. ყველანაირი შეფასება გამიკეთებია – სამწუხაროა, გასაკვირია, აღმაშფოთებელია. დღეს ამას ვიტყვი, რომ როგორც ჩანს, საფრანგეთის საელჩო ჩვენ ხალხად არ გვთვლის. რაღაცას აკეთებს და, როგორც ჩანს, ზოგიერთს ჩვენი ქვეყანა უკანა ეზო ჰგონია. ეს კინოც ნანახი გვაქვს, ხან მოსკოვს ვეგონეთ უკანა ეზო, ხან რომელ დედაქალაქს. 3 000 წელი ამ ისტორიას ვუყურებთ, მაგრამ 3 000 წელი იმასაც ვხვდებით, რომ, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი რჩება, რადგან სიმართლის მხარესაა. ვისაც ვგონივართ უკანა ეზო, დაბალი ღობე, ხარი თუ რა შედარებაც არ უნდა იყოს, კარგად ვიცით ისტორიიდან, შემდეგ რა ემართებათ და როგორ არიან ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0
ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
25/04/2025