
საფრანგეთის ნაკრებში "აქლემის ვირუსით" უკვე მესამე ფეხბურთელი დაინფიცირდა. დაიო უპამეკანოსა და ადრიენ რაბიოს შემდეგ ვირუსი კინგსლი კომანსაც აღმოაჩნდა, აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაადასტურა.
"კომანს სიცხე ამ დილით ჰქონდა. დოჰაში ტემპერატურამ იკლო და კონდიციონერი ისევ ჩართული გვქონდა. დაფიქსირდა გრიპის მსგავსი რამდენიმე შემთხვევა. დაიო უპამეკანომ ინგლისთან მატჩში თავი ცუდად იგრძნო. ეს ხდება მაშინ, როცა ფეხბურთელები მოედანზე დიდ ძალისხმევას დებენ, ამ დროს ორგანიზმი სუსტდება და უფრო მიდრეკილია სხვადასხვა ვირუსებით დაავადებისკენ. სიფრთხილის ყველა საჭირო ზომას ვიცავთ და ვცდილობთ, ვირუსი არ გავრცელდეს", - განაცხადა დიდიე დეშამმა.
მაროკოსთან 1/2-ფინალურ შეხვედრაში ყველა მოედანზე კომანის გამოჩენას ელოდა, ის ტრადიციულად უსმან დემბელეს ცვლიდა ხოლმე. როგორც აღმოჩნდა, 26 წლის ფორვარდი თავს შეუძლოდ გრძნობდა და დეშამმა მის ნაცვლად შეხვედრაში კოლო მუანი ჩართო, რომელმაც ისტორიული გოლი გაიტანა. ფრანგები მუნდიალის ფინალში მეოთხედ გავიდნენ, მპაბე და კომპანია არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ტიტულის დაცვას შეეცდება.
დაიო უპამეკანო და ადრიენ რაბიო ამ ფორმაციის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან. მაროკოსთან მატჩში უპამეკანო კონატემ ძალიან კარგად შეცვალა, აი, რაბიოს არყოფნა კი გუნდს ძალიან დაეტყო. იუვენტუსის ნახევარმცველი მსოფლიოს ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდა, იგი დაცვასაც ეხმარება და შეტევაშიც პროდუქტიულია. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა დაინფიცირებული ფეხბურთელები ფინალში მონაწილეობის მიღებას.
"აქლემის გრიპი" რესპირატორული დაავადებაა, რომელიც სიმპტომურად კორონავირუსს ძალიან ჰგავს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ის კოვიდ-19-თან შედარებით, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.
0
0