
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ერიკ ლომბარდის აზრით, ევროკავშირის მოლაპარაკების სტრატეგია აშშ-თან ვაჭრობის საკითხზე არ იყო საკმარისად მტკიცე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
„არსებობს მოლაპარაკებების მეთოდთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან შესაძლოა, არ იყო ისეთი მტკიცე ან მკაცრი გარკვეულ ეტაპებზე. ამას ამბობდა პრეზიდენტი, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარი, გამოვიწვიოთ შიში და გვქონდეს ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებებში“, – აღნიშნა ლომბარდმა ფინანსთა სამინისტროში საფრანგეთის ბიზნესლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკების ფარგლებში ეს იყო საუკეთესო პირობები, რისი მიღწევაც შესაძლებელი იქნებოდა.
„არის თუ არა ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმება საუკეთესო? როდესაც ამას ჩინეთის ან სხვა ქვეყნების მიერ მიღწეულ შეთანხმებას ვადარებ, ჩვენ 15 პროცენტი გვაქვს და ეს გამონაკლისია“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.
0
0