
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, - ინფორმაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული.
3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც „გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსვლას და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს“.
რეზოლუცია განსახილველად საგარეო საქმეთა კომიტეტს გადაეგზავნა.
რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ „ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას“.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეშფოთებას იწვევს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ცვლილებამ ადრე არსებული ევროპული კურსიდან გადახვევა აჩვენა. პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ შემაშფოთებელი ცვლილებები დაიწყო, კერძოდ, ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისგან დაშორებით და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაძაბულობის გაზრდით. გადახვევა მოულოდნელი არ ყოფილა. ევროპულმა ინსტიტუტებმა შეშფოთება ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში გამოთქვეს: 2024 წლის ივნისში ევროპული საბჭო სამართლიანი არჩევნების გარანტიის მოწოდებით გამოვიდა და ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლა დაგმო. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც უსამართლო პირობებში ჩატარდა, ეს გაფრთხილებები დაადასტურა“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
რეზოლუციის თანახმად, „საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის რეპრესიები, ისტორიის გადაწერა და მოსკოვის მზარდი გავლენა სისტემურ ცვლილებას ადასტურებს“.
„აღნიშნულის შედეგად, საფრანგეთმა და ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის დემოკრატიული პრინციპების, ევროპული სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის სურვილების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
0
0
პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება
04/12/2025