
მერწმუნეთ, საფრანგეთი-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საფრანგეთის ელჩი იყოს ინფორმირებული არა მხოლოდ რუს-ქოცური ნარატივებით, არამედ ისეთი ადამიანებით, რომლებსაც ქართულ დიპლომატიურ სამსახურში უმსახურიათ და შეიძლება, ახლა სამოქალაქო სექტორში არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე და საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ფარულად შეხვდნენ ერთმანეთს ელჩის საცხოვრებელ სახლში.
„სერგი კაპანაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და ვიტყოდი, იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვით ყველაზე გამორჩეულია. ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური კოდია, რომ შეუძლებელია შეხვედრიდან დეტალების გამოტანა, ეს რატომ არის თქვენთვის გასაკვირი, არ ვიცი. ადამიანმა, ვისაც რომელიმე ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში კეთილსინდისიერად უმსახურია, ძალიან კარგად იცის, რომ შეხვედრებიდან დეტალების გამოტანა ყველა დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაა. კერძო სახლი ივანიშვილის ე.წ. ბიზნესცენტრია, მაგრამ ელჩის რეზიდენცია ოფიციალური რეზიდენციაა. ელჩის ოფიციალური რეზიდენცია არის სწორედ ის ადგილი, სადაც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა სხვა სახელმწიფოებში უნდა მიიღონ ყველა სტუმარი, ვისთანაც ურთიერთობის დამყარება მათი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. მერწმუნეთ, საფრანგეთი-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის ელჩი იყოს ინფორმირებული არა მხოლოდ რუს-ქოცური ნარატივებით, არამედ ისეთი ადამიანებით, რომლებსაც ქართულ დიპლომატიურ სამსახურში უმსახურიათ და შეიძლება, ახლა სამოქალაქო სექტორში არიან. ამიტომ, დამერწმუნეთ, ამ შეხვედრაში გასაკვირი არაფერი არ არის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0