
საფრანგეთი ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების მოწევას აკრძალავს, რადგან ისინი გარემოსთვის და საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია.
რადიო RTL-ში საუბრისას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგო ახალი გეგმის ნაწილია, რომელიც მთავრობამ შეადგინა. შესაბამისი კანონი 2023 წლის ბოლომდე უნდა შევიდეს ძალაში.
საფრანგეთის მედიცინის ეროვნული აკადემიის შეფასებით, „ელექტრონული სიგარეტები მზაკვრული ხაფანგია განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის".
ელისაბეტ ბორნის თქმით, „ელექტრონული სიგარეტები ქმნიან რეფლექსს, ჟესტს, რომელსაც ბავშვები ეჩვევიან, შემდეგ კი მათ თამბაქოს სურვილი უჩნდებათ“.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ბელგიამ და ირლანდიამ, მსგავსი აკრძალვის შესახებ უკვე განაცხადეს. შესაძლოა, მათ რიგებს დიდი ბრიტანეთიც შეუერთდეს.
როგორც BBC-ი წერს, კამპანიის მონაწილეებმა თამბაქოს მწარმოებლები (ძირითადად ჩინელები) დაადანაშაულეს, რადგან ისინი მიზანმიმართულად იზიდავენ თინეიჯერებს - ელექტრო სიგარეტის შეფუთვისთვის ნათელ ფერებს იყენებენ, სავაჭრო დაწესებულება კი ტკბილეულის მაღაზიას გავს, სადაც სიგარეტები წარმოდგენილია სხვადასხვა [შოკოლადის, თხილის, საზამთროს და ა.შ.] არომატით.
"[აკრძალვა] დიდი გამარჯვებაა სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტები ეპიდემია გახდა. საშინელი ფაქტია ის, თუ როგორ ცდილობს თამბაქოს მრეწველობა სიგარეტებზე ბავშვების მიჯაჭვულობას", - თქვა ორგანიზაცია „ალიანსი თამბაქოს წინააღმდეგ“ პრეზიდენტმა ლოიკ ჯოსერანმა.
კამპანიის მონაწილეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს ელექტრო სიგარეტების მოწევით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანი. 2022 წელს, ბრიტანული გარემოსდაცვითი ორგანიზაციის Material Focus-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველკვირეულად გარემოში მილიონზე მეტი ელექტრო სიგარეტების მოწყობილობა იყრებოდა.
„ეს ეკოლოგიური ჭირია. თითოეული ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი დამზადებულია პლასტმასისგან და შეიცავს ლითიუმიან (0,15 გრამი) კომპაქტურ ბატარეას, ასევე მარილიან ნიკოტინს და მძიმე მეტალის ელემენტებს“, - განუცხადეს გარემოსდამცველებმა გაზეთ Le Monde-ს.
საფრანგეთში, მაღაზიებში ერთჯერადი „ვაიპები“ [ელექტრონული სიგარეტები] დაახლოებით 9 ევრო ღირს, რაც სიგარეტის 20 კოლოფის საფასურზე ნაკლებია. „ვაიპების“ „ნაფაზების“ რაოდენობა 600-მდეა, რაც დაახლოებით 40 სიგარეტის ექვივალენტია.
0
0