
საფრანგეთი უკრაინაში დამატებით Caesar-ის ტიპის 12 ჰაუბიცის გაგზავნის. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ ისაუბრა.
პარიზში, უკრაინელ კოლეგასთან, ოლექსი რეზნიკოვთან ერთად გამართულ კონფერენციაზე ლეკორნუმ თქვა, რომ საფრანგეთთან ერთად, უკრაინაში ფრანგული წარმოების 19 ჰაუბიცის დანიაც გაგზავნის.
ლეკორნუს თქმით, საფრანგეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინელი სამხედროების წვრთნებია, რის გამოც ქვეყანა ზაფხულში პოლონელ ჯარისკაცებთან ერთად, 2 000 უკრაინელ სამხედროს მიიღებს.
კითხვაზე, გაგზავნის თუ არა საფრანგეთი საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინაში, ლეკორნუმ თქვა, რომ ეს გამორიცხული არ არის, თუმცა, პარიზისთვის მნიშვნელოვანია სამი რამ: გადაცემულმა იარაღმა არ უნდა შეასუსტოს საფრანგეთის თავდაცვის ძალები, იარაღი უნდა იყოს უკრაინელებზე მორგებული, რათა მათ გამოყენება შეძლონ და გადაცემული იარაღი სამხედროებმა მხოლოდ თავდაცვისთვის უნდა გამოიყენონ.
რეზნიკოვმა კი დასძინა, რომ მან ფრანგ კოლეგასთან საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისთვის გადამწყვეტია.
0
0