
"პალიტრანიუსის" გადაცემაში - "ბლიცინტერვიუ" ლევან ბერძენიშვილი საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ბლიც-კითხვებს საინტერესო პასუხებს სცემს...
ლევან ბერძენიშვილი არის...
ბედნიერი კაცი, იმიტომ, რომ მან ახალგაზრდობაში ჩაიფიქრა, რომ თავისუფად ქვეყანაში უნდა იცხოვროს და იგი ცხოვრობს დამოუკიდებელ საქართველოში, რის გამოც, ცოტა ხანს პოლიტიკური პატიმარი იყო გულაგში, რაც არის მისი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილი.
ბავშვობა მთავრდება მაშინ, როცა...
"ჩემთვის ბავშვობა მაშინ დამთავრდა, როცა ბაბუაჩემი - დედის მამა გარდაიცვალა, 4-5 კლასში ვიყავი. მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, სიახლოვე. მის სიკვდილს შევესწარი, სამწუხაროდ... შინაგანად ძალიან განვიცადე და მაშინ მივხვდი, რომ ეს რაღაც ტიპის დასასრული იყო, სიკვდილთან პირისპირ შეხვედრა, წვალობდა... აგონია ვნახე...
როგორ გავხდი ლევან ბერძენიშვილი?..
"გეპეიში" სწავლისას, მეორე კურსზე, მათემატიკის ლექცია ძალიან უინტერესო იყო და ჩუმად წიგნის კითხვა დავიწყე. მომეპარა ეს ლექტორი, წამართვა, ზევით ასწია და ასკაციან აუდიტორიას დაანახვა. მოკვდნენ სიცილით, ვინაა ეს სულელი, წიგნს კითხულობსო. მერე მან წიგნი გაშალა და ლექსებიაო, ირონიული სახით თქვა. ამაზე საერთოდ დაიხოცნენ სიცილით. მაშინ მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო.
წლების შემდეგ, იქ ლექცია ჩავატარე და მაშინც იმავეს მივხვდი. საერთოდ, "გეპეი" არ მომწონს, არ მომწონს, როცა ერთი სქესის ასეთი სიხშირეა - ყველა კაცი, ან ყველა ქალი - უნივერსიტეტში მეორე პრობლემა იყო - 100 გოგონა და 4 ბიჭი. იმ პერიოდში კი მიხაროდა - თავზე გვყვებოდნენ, მაგრამ მერე ბევრი მეგობარი აღარ გამომყვა იქიდან, წავიდნენ.
წერის დროს მთავარია...
მთავარი წერის დროს არის ის, რომ არ გაგექცეს ის საგანი, რომელზეც წერ...
ვის დავუსვამდი კითხვას და რატომ...
მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილთან მექნებოდა მშვენიერი საღამო, ყავაზე. არ ვიცი, ბარათაშვილს ეყვარებოდა თუ არა ყავა, თუ არა და ჩაი, მე ორივე მიყვარს.
ცხოვრებაში ბევრი ცნობილი ადამიანი შემხვედრია და ზოგიერთთან მიმოწერაც მაქვს, მაგალითად, ანტონიო ბანდერასთან, ამერიკაში შევხვდით, "ზოროს" გადასაღებ მოედანზე იყო და მოსაწევად გამოვარდა. მოგეხსენებათ, მთელი აშშ არ ეწევა და მავნებელია ჯანმრთელობისთვის..." - პასუხობს ლევან ბერძენიშვილი.
წყარო: “კვირის პალიტრა”
0
0