მსოფლიოს უდიდესი სტუდენტური ქსელის, UNiDAYS-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად დასახელდა. კვლევის თანახმად, თბილისი ყველაზე მიმზიდველი დესტინაციაა, სადაც სტუდენტები 2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, თამარ ყორიაულის შეფასებით, სასიხარულოა, რომ თბილისი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო მედიისა და პლატფორმების მიერ არაერთხელ დასახელდა, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, საერთაშორისო სტუდენტებს შორის მეტად პოპულარული ხდება.
„ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ მარკეტინგული კამპანიები და სხვადასხვა აქტივობები, რათა კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში“, – აღნიშნა თამარ ყორიაულმა.
UNiDAYS-ის 2024 წლის სტუდენტების მოგზაურობის ინდექსი, სადაც თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა, ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: განთავსების ფასები, ტურისტული ატრაქციები, ჯგუფური აქტივობები, უსაფრთხოების რეიტინგი, კვების საშუალო ღირებულება და სხვა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
0
0