
უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს, - ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მაია სანდუმ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას, რათა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა.
„იმედი მაქვს, თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში და იქნება ახალი იმპულსი კონტაქტებისა, მიმოცვლისა სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, უკვე 8 წელია უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ჩვენმა ქვეყნებმა პირველივე დღიდან დაგმეს არაპროვოცირებული თავდასხმა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ათობით ქალაქი და სოფელი და გააძევეს ათიათასობით ადამიანი თავიანთი სახლებიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთავაზობთ მხარდაჭერას და თავშესაფარს იმ უკრაინელებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში გამოექცნენ ომს.
მოვუწოდებთ, რომ დაისაჯოს ეს ეს დიდი კრიმინალი, ომის დანაშაული, რომელიც ჩადენილია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, რომ ეს არის არალეგალური ანექსიის მცდელობა. როგორც მოლდოვას, ასევე საქართველოს აქვთ მოუგვარებელი კონფლიქტები თავიანთ ტერიტორიებზე. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას, რათა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისოდ აღიარებული მშვიდობა და წესრიგი კიდევ ერთხელ აღვადგინოთ, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა საერთაშორისო სამართლის მიმართ და იმის მიმართ, რომ ქვეყნებს თავად შეუძლიათ საკუთარი ბედის გადაწყვეტა. მხოლოდ ასე შეგვიძლია უზრუნველვყოთ განგრძობითი მშვიდობა ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში. სირთულეების მიუხედავად, რომელსაც ვაწყდებით ჩვენს ქვეყნებში, საქართველოს და მოლდოვას სურთ ჰარმონიული განვითარება და მომავალი მშვიდობასა და კეთილდღეობაში მათი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვსურს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება, გვსურს გავაძლიეროთ მთავრობათაშორისო კომისიის თანამშრომლობა, იქნება ეს ეკონომიკის კუთხით, სხვადასხვა კონტაქტების გაძლიერების კუთხით თუ სხვადასხვა ადამიანური რესურსების კუთხით. გვსურს გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ პროპაგანდას და დეზინფორმაციას“, - განაცხადა მაია სანდუმ.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026