07/11/2022
14:26
ეკონომიკა
საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.
26 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრამდე სსფ-ის მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 38 მილიონი დოლარის რესურსს გამოუყოფს.
ფონდში აცხადებენ, რომ 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.
მათივე ინფორმაციით, პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდგომ, საქართველოში იმატა ტურიზმიდან შემოსავლებმა, ომით გამოწვეულმა იმიგრაციამ და ფინანსური ნაკადების შემოდინებამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიაჩნიათ, რომ მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ინფლაციის შემცირების გონივრული პოლიტიკა, ფისკალური და სავალუტო ბუფერების გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევა განამტკიცებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და გააძლიერებს ეკონომიკის მდგრადობას.
“საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული,” აცხადებენ ფონდში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024