
საერთაშორისო დამკვირვებელმა ესპანეთიდან ლუის ურიბე ეჩებარიამ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. მისი განცხადებით, მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება აერჩიათ საკუთარი წარმომადგენლები თვითმმართველობის ორგანოებში.
„მაინცდამაინც ბევრი განსხვავება გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო და წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებს შორის ვერ ვნახე. მე ვაკვირდებოდი საპარლამენტო არჩევნებს გასულ წელს. მაშინაც განვაცხადე, რომ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება აერჩიათ საკუთარი წარმომადგენლები პარლამენტში. ზუსტად იგივე ვიხილე გუშინაც. თვითმმართველობის არჩევნებზე მე ვნახე, რომ პროცესი იყო კარგად ორგანიზებული, მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გამოეყენებინათ საკუთარი საარჩევნო უფლება და აერჩიათ თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარი წარმომადგენლები. ვიტყოდი, რომ გუშინ არჩევნები იყო საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტის ფარგლებში“, - აღნიშნა დამკვირვებელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არცერთი პარტიის წარმომადგენელს არ შეხვედრია, რომელიც რაიმე დარღვევაზე გაუზიარებდა ინფორმაციას. დამკვირვებელი ამბობს, რომ 12 საარჩევნო უბანს ესტუმრა და ყველა შემთხვევაში იხილა, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, სწორედ წარმართული პროცესის შედეგად, მშვიდობიანად გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი.
„პროცესი იყო თავისუფალი, საარჩევნო უბნები გაიხსნა დროულად, ხმის მიცემის პროცესი იყო თანმიმდევრული. მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი და ეს მე 12-ვე საარჩევნო უბანზე ვიხილე, რომელზეც ვიმყოფებოდი. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტის მიხედვით“, - განაცხადა ეჩებარიამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის მნიშვნელობას და აქცენტი მის მაღალ ხარისხზე გააკეთა.
0
0