11/01/2025
23:45
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას საკითხით GiveMeSport დაინტერესდა, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტ დევიდ ვებთან მოამზადა.
„კვარაცხელიასთან ნაკრებში მუშაობის დროსაც კარგად ჩანს, თუ რაოდენ ნიჭიერია, თუმცა მას ტოპფეხბურთელად არა მხოლოდ ტალანტი აქცევს, არამედ - საქმისადმი დამოკიდებულება, შრომისმოყვარეობა და სწრაფვა განვითარებისკენ. ზოგჯერ მისი სავარჯიშო მოედნიდან გაყვანაც კი ძნელია. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისი ზედა ზღვარი საკმაოდ მაღალია. ის ძალიან მიზანსწრაფული, დისციპლინირებული და პატრიოტია, რომელსაც მოსწონს საქართველოს ეროვნული გუნდის ნაწილად ყოფნა.
ერთმნიშვნელოვნად, ის ოქროს ბიჭუნა და საქართველოს სახეა იმის გათვალისწინებით, თუ საიდან მოვიდა და რას მიაღწია, მაგრამ როდესაც ის ფეხბურთელების ჯგუფშია, ერთ-ერთი რიგითი მათგანია. ის ბრწყინვალედ ეწყობა კოლექტივს. ის „ჩუმი ლიდერია“. კვარაცხელია მოედანზე სამაგალითოა, მაგრამ მისი მთავარი ძლიერი თვისებები მონდომებით მუშაობა და განვითარებაზე გამუდმებით ზრუნვაა.
მასთან მუშაობა სასიამოვნოა. ის დიდებულია ტექნიკურად, ძალიან კარგია ათლეტურად და მას აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი. როდესაც ის გუნდში გყავს, შენი პოტენციალი უსაზღვროა. ის ყოველთვის გაწონასწორებული და მორიდებულია. ზოგადად, საქართველოს ნაკრებში მეგობრული ურთიერთობაა გამეფებული და სულ რომ არ იცოდე, ვინ არის კვარაცხელია, იფიქრებ, რომ ის ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ ის განსაკუთრებულია, რომელსაც შეუძლია ერთ დღეს თამაშის ბედი გადაწყვიტოს.
თავისი თამაშის მანერიდან გამომდინარე, მას ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ კარგად შეეწყოს პრემიერლიგას. მისი სტილი ტოპხუთეულის ნებისმიერ გუნდს მიესადაგება. შეტევაში თავისი ალღოს, ტემპისა და ინტენსივობის წყალობით, ის შეეწყობოდა არსენალსაც, ჩელსისაც, ლივერპულსაც თუ მანჩესტერ სიტისაც. და ვფიქრობ, სადაც არ უნდა წავიდეს - პსჟ-ში, ლივერპულში, სიტიში თუ ჩელსიში, გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტს შესძენს და სიმშვიდისა და გონიერების წყალობით, წნეხის ქვეშ არსად მოექცევა“, - აცხადებს დევიდ ვები.
0
0