
თეთრ სახლში აფრიკული სახელმწიფოების მეთაურებთან შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლიბერიის პრეზიდენტის ჯოზეფ ბოაკაის ინგლისური ენის ცოდნამ.
„ინგლისურად არაჩვეულებრივად საუბრობთ. სად მიიღეთ განათლება? სად? ლიბერიაში? ძალიან საინტერესოა. ეს მშვენიერი ინგლისურია. ამ მაგიდასთან მსხდომი ხალხი ვერ ლაპარაკობს ისე კარგად, როგორც თქვენ!“, - თქვა ტრამპმა ბოაკაის გამოსვლის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც ცნობილია, ინგლისური ლიბერიის ოფიციალური ენაა. აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყანა 1800-იანი წლების დასაწყისში დააარსეს ფილანტროპებმა, აბოლიციონისტებმა და ზოგიერთმა მონათმფლობელმა, რომლებიც თავისუფალი შავკანიანი ამერიკელების გადასახლებას ცდილობდნენ. ლიბერიას ასევე რამდენიმე ადგილობრივი ენა და ინგლისური ენის ვარიაცია აქვს, რომელიც ცნობილია როგორც ლიბერიული ინგლისური.
ლიბერიის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბოაკაიმ განათლება მონროვიის უნივერსიტეტში მიიღო, ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯეიმს მონროს სახელს ატარებს.
ტრამპის მიერ ბოაკაისადმი გაკეთებული კომენტარების კრიტიკის საპასუხოდ, თეთრი სახლის პრესმდივანმა New York Times-ს განუცხადა, რომ „მხოლოდ მედიის მიერ არასწორი აღქმით შეიძლებოდა ასე ნეგატიურად შეფასებულიყო პრეზიდენტ ტრამპის გულწრფელი საქებარი სიტყვები ჯოზეფ ბოაკაისთან შეხვედრაზე, რომელიც აშშ-აფრიკის ურთიერთობებისთვის ისტორიულ მომენტს წარმოადგენდა“.
დონალდ ტრამპმა გაბონის, სენეგალის, მავრიტანიის და გვინეა-ბისაუს, ასევე ბუნებრივი რესურსებით მდიდარი სხვა აფრიკული ქვეყნების ლიდერები თეთრ სახლში შეხვედრაზე მიიწვია, მას შემდეგ, რაც მარტში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკული მინერალების წარმოების გაზრდის შესახებ.
0
0