11/01/2025
11:00
ტაბლოიდი
იტალიაში ადრიანო ჩელენტანოს მრავალი წლის განმავლობაში ეძახდნენ სტილის ხატს. ხალხი გაოცებული იყო მისი უნარით მოერგო ყველაზე ჩვეულებრივი სამოსი ისე, რომ მაღალი მოდის მიმდევარს დამსგავსებოდა. მართალია, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. 6 იანვარს ლეგენდას 86 წელი შეუსრულდა, მაგრამ თაყვანისმცემლებს მუსიკოსი რამდენიმე წელია არ უნახავთ. ამიტომ წარმოდგენა არავის აქვს, როგორ გამოიყურება ახლა. მუსიკოსის ერთ-ერთი მეგობარი ამტკიცებს, რომ ჩელენტანოს უკვე სამი წელია მხოლოდ პიჟამა აცვია.
ბედის რჩეული
ადრიანო ჩელენტანო 1938 წლის 6 იანვარს დაიბადა, ღარიბ ოჯახში. ის ყველაზე უმცროსი შვილი იყო, სადაც მის გარდა კიდევ ოთხი ბავშვი იზრდებოდა. დედა 44 წლის იყო შვილის დაბადების დროს, ქალს საერთოდ არ სჯეროდა, რომ ბიჭი გადარჩებოდა, რადგან შვილის გასაჩენად თავს მოხუცად თვლიდა და არ სჯეროდა, რომ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა შეეძლო.
თუმცა, ადრიანომ მალე შეძლო დედა საკუთარ სიცოცხლისუნარიანობაში დაერწმუნებინა. აქტიური, ცოცხალი და ცელქი ბიჭი იყო, მაგრამ ხშირად მშიერი, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა. 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ საკმაოდ დიდი იყო მშობლების დასახმარებლად, ამიტომ სკოლაში წასვლის ნაცვლად სამსახური დაიწყო. რამდენიმე ადგილზე მუშაობის შემდეგ, იპოვა ის საქმე, რისი კეთებაც მოსწონდა. ბიჭი საათების სახელოსნოში შეგირდი რომ გახდა.
მუშაობის გარდა, ადრიანო კოლეგებისა და მეგობრებისთვის შოუებს დგამდა, ერთ დღეს კი პაროდიულ შოუში გამარჯვების შემდეგ ადგილობრივი ქალაქის ვარსკვლავად იქცა. ბიჭი ასევე გატაცებული იყო მუსიკით. უკრავდა როკ ბენდში, თუმცა მალე სოლო კარიერამ გაიტაცა და ძალიან სწრაფად ავიდა დიდების მწვერვალზე.
მართალია, დღესაც ნანობს, რომ მუსიკის გამო საათის შეკეთებას თავი დაანება. დარწმუნებულია, რომ საათების კეთება რომ გაეგრძელებინა, დიდი ხნის წინ გახდებოდა ყველაზე ცნობილი საათის მწარმოებელი ევროპაში ან თუნდაც მთელ მსოფლიოში. მას ხშირად უწოდებდნენ ბედის საყვარელს და თავად ჩელენტანოს სჯეროდა, რომ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა. თუმცა, მხოლოდ თავად მუსიკოსმა იცოდა, რამდენი შრომა იყო ჩადებული მის თითოეულ სიმღერაში. და ფილმში შესრულებულ ყველა როლში.
საუკეთესო საუკეთესოთა შორის
ერთ-ერთ ინტერვიუში ადრიანო ჩელენტანომ აღიარა, რომ ბევრი შიში აქვს. მაგალითად, მას ყოველთვის ეშინოდა თვითმფრინავების, მაგრამ აქტიური შემოქმედებითი მუშაობის დროს იძულებული იყო მუდმივად ეფრინა. ასევე ყველაზე მეტად ეშინოდა იმ მომენტის, როდესაც ქალებს ძველებურად აღარ მოეწონებოდათ. 1960-იანი წლების დასაწყისში ის თავისი ცხოვრების დიდ სიყვარულს მსახიობ კლაუდია მორის შეხვდა, რომელსაც მოსვენებას არ აძლევდა.
გოგონას იმდენად შეეშინდა ტემპერამენტიანი მუსიკოსის ზეწოლის, რომ პაემანზე ყველა მიწვევას უარით პასუხობდა. რაც უფრო აქტიური იყო ჩელენტანო, მით უფრო ცდილობდა კლაუდია მისგან თავის დაღწევას. ერთ დღეს, გადასაღებ მოედანზე გოგონამ შემთხვევით წყალი დაღვარა, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია და სანათის გატეხის შედეგად ადრიანოს სახე გაეკაწრა. გოგონას ბოდიშის მოხდამ მოუწია, მაგრამ ჩელენტანომ ბოდიში მხოლოდ მასთან პაემანზე წასვლაზე თანხმობის სანაცვლოდ მიიღო.
რამდენიმე პაემანს ქალის მხრიდან არაფერი მოჰყოლია. გადაღებების დასრულების შემდეგ კლაუდია ვნებიანი კოლეგის დავიწყებას ცდილობდა. მაგრამ ჩელენტანო ვერ ივიწყებდა მას. საბოლოოდ სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა: კლაუდია თავის კონცერტზე დაპატიჟა და სცენიდან სიყვარული აუხსნა. დარბაზი ბოლო ხმაზე ყვიროდა და კლაუდიამ უცებ ადრიანოს სულ სხვა თვალით შეხედა. კაცმა მიზანს მაინც მიაღწია და ჯიუტი ლამაზმანის გული მოიგო.
წყვილმა 1964 წლის მარტში, ღამით იქორწინა, რათა პაპარაცების ყურადღება თავიდან აერიდებინათ. ისინი ერთმანეთისთვის იდეალურები ჩანდნენ, ბრუტალური ჩელენტანო და ქალური მორი. თუმცა, ყველა არ იზიარებდა ამ აზრს. მუსიკოსის მეგობრებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც თვლიდა, რომ კლაუდია ცუდ გავლენას ახდენდა ადრიანოზე, ერეოდა მის შემოქმედებაში და არ ესმოდა მისი სათუთი სულის ყველა იმპულსი.
ჩელენტანოს ოჯახური ცხოვრება არასოდეს ყოფილა მოსაწყენი. მალე მან საკუთარი ფილმების გადაღება დაიწყო, სადაც ქალის მთავარ როლს უცვლელად მისი მეუღლე თამაშობდა. კლაუდიამ მეუღლესთან ერთად სიმღერაც კი დაიწყო და ასევე გააჩინა სამი შვილი. მოგვიანებით საოჯახო ბიზნესი საკუთარ თავზე აიღო და დაამტკიცა, რომ პიარის კარგი ნიჭი ჰქონდა.
ჩელენტანოს გვერდით მუდმივად იყვნენ ლამაზი ქალები, კლაუდიას ეჭვიანობისთვის მიზეზი სულ ჰქონდა. როგორც ჩანს, სწორედ მან მოიფიქრა ჩელენტანოს სავარაუდო თვითმკვლელობის ამბავი, როდესაც დრამის ადგილზე მისულმა ჟურნალისტებმა დაინახეს, როგორ მივიდა ლიანდაგზე მწოლიარე მომღერალთან ერთგული ცოლი და ევედრებოდა, არ დაეტოვებინა ეს სამყარო. და ეს იყო მხოლოდ ერთი იმ სცენიდან, რომელიც წყვილმა საჯაროდ ითამაშა.
თუმცა, ერთხელ კლაუდია მორი სერიოზულად შეშფოთდა როდესაც ადრიანოს მსახიობი ორნელა მუტი შეუყვარდა, რომელიც მასთან ერთად ფილმში The Taming of the Shrew თამაშობდა. თუმცა ცოლს ამჯერად სცენა აღარ დაუდგამს. მისი სიჩუმე ბევრად უფრო მჭევრმეტყველი იყო, ვიდრე სიტყვები. მან წაიყვანა სამი შვილი და ქმარი მიატოვა, რითაც საშუალება მისცა აერჩია რა იყო მისთვის უფრო მნიშვნელოვანი. ჩელენტანო სერიოზულად იყო შეყვარებული, მაგრამ ის დარჩა ოჯახში და აირჩია ის, ვისაც მსოფლიოს ყველა ქალს შორის საუკეთესოდ თვლიდა.
სირთულეები ოჯახურ ურთიერთობებში
წყვილი სამი შვილის ბედნიერი მშობლები გახდნენ, მაგრამ ბავშვების ზრდასთან ერთად ყველაფერი ფუჭდებოდა. მემკვიდრეებს მშობლების მიმართ პრეტენზია ჰქონდათ. უფროსი ქალიშვილი, როზიტა თვლიდან, რომ მშობლებისგან ყველაზე ნაკლები სიყვარული და ყურადღება მიიღო. ის წყვილის ქორწინებიდან ერთი წლის თავზე დაიბადა, როდესაც მსახიობები კარიერაზე იყვნენ ფოკუსირებულნი და არა ოჯახზე და შვილების აღზრდაზე. მართალია, ძალიან ცდილობდნენ, მაგრამ საქმის გამო, საერთოდ დაივიწყეს ქალიშვილი, მის მოვლას ნათესავებსა და ძიძებს ანდობდნენ. საბედნიეროდ, ერთი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი ჯაკომო შეეძინათ და კლაუდიას მეტი დროის გატარება მოუწია ოჯახთან. ჯაკომოს დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ჩელენტანოს და მორის უმცროსი ქალიშვილი როზალინდა შეეძინათ.
უფროსმა ქალიშვილმა როზიტამ ახალგაზრდობაში დაიწყო სიმღერა, თუმცა ფსევდონიმით გამოდიოდა, რათა მამის ჩრდილ ქვეშ არ ყოფილიყო. გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ პოპულარობა მოგვიანებით მოვიდა, როდესაც ცხოვრება ტელევიზიას დაუკავშირა და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი გახდა. როზიტა დიდი ხანია ბედნიერ ქორწინებაშია, მაგრამ შვილები არ ჰყავს.
ჯაკომო დიდხანს ეძებდა თავის თავს, ახალგაზრდობაში უცნაური ავადმყოფობა აწუხებდა. ის დღეს საკმაოდ ცნობილია იტალიაში, როგორც მომღერალი.
საზოგადოება ადრიანო ჩელენტანოს უმცროსი ქალიშვილსაც იცნობს. მართალია, ის საყოველთაოდ ცნობილია თავისი სკანდალებით, პროვოკაციული განცხადებებითა და მშობლების მიმართ ეგოისტობის ბრალდებებით. წლების წინ აღიარა, რომ გეი იყო და თვითმკვლელობაც სცადა.
იტალიის ლეგენდა ახლა
ამჟამად ადრიანო ჩელენტანო და მისი მეუღლე თავიანთ მდიდრულ ვილაში Campesone di Galbiate-ში, ლეკოს პროვინციაში ცხოვრობენ. ისინი არასოდეს უშვებდნენ ჟურნალისტებს სახლში, ამიტომ პრესას მხოლოდ მუსიკოსის სახლის ზოგადი ფოტოსურათი აქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადრიანო ჩელენტანო არა მხოლოდ არ ჩნდება საზოგადოებაში, არამედ უარს ამბობს მეგობრებთან შეხვედრაზეც. იტალიელმა კომიკოსმა ტეო ტეოკოლიმ, რომელიც ჩელენტანოს მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდა, 2024 წლის ოქტომბერში თქვა, რომ დიდი ხანია არ უნახავს ადრიანო.
ტეო ტეოკოლი თვლის, რომ ჩელენტანოს არ სურს საჯარო გახადოს ასაკთან და ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩელენტანოსა და მორის უმცროსმა ქალიშვილმა თქვა, რომ თავად არ უნახავს მამა ბოლო დაბადების დღის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში.
იტალიელი მომღერალი დონ ბაჩი კი ვარაუდობს, რომ ჩელენტანოს შვილებმაც კი, რომ მამა ნახონ, ჯერ დედას უნდა დაუნიშნონ შეხვედრა და ის გადაწყვეტს, როდის მისცეს მათ ნახვის უფლებას. დონ ბაჩის არასოდეს მოსწონდა კლაუდია მორი და არ მალავდა მის მიმართ მტრობას. კლაუდია მორიმ დიდი ხნის წინ განმარტა, რომ მისი ქმარი დახურულ ცხოვრების წესს ეწევა ავადმყოფობის შიშის გამო, ამიტომ ის იშვიათად ხვდება უახლოეს ადამიანებს.
როგორიც არ უნდა იყოს ადრიანო ჩელენტანოს განმარტოების ვერსია, ფაქტი ფაქტად რჩება: ის უარს ამბობს ვინმესთან შეხვედრაზე და ამჯობინებს დროის გატარებას მაღალ ღობის მიღმა, უსაფრთხოდ და ექსკლუზიურად მეუღლის გარემოცვაში, რომელთ ერთადაც უკვე 60 წელზე მეტია ცხოვრობს.
ambebi.ge
0
0