
გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გამთენიისას აღდგა. რა გეგმა აქვთ აქციის მონაწილეებს, გაგრძელდება თუ არა პროტესტი დღესასწაულებზე - ჯერჯერობით, კონკრეტული გეგმა უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგობა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა დიდი შეკრება 11 მაისს დაანონსდა. უცვლელია მთავარი მოთხოვნა - ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.
ხელისუფლების კრიტიკას გმირთა მოედნის გადაკეტვასთან დაკავშირებით პარტია "ახალის" წევრი ბაჩო დოლიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მიმართოს პროტესტის ამგვარ ფორმებს მაშინ, როდესაც მას არ უსმენს ხელისუფლება.
"საცობია პრობლემა თუ რუსეთში დაბრუნება?! ეს დისკომფორტი კი არ არის, ეს არის პროტესტის ფორმა, რომელსაც ირჩევს სამოქალაქო საზოგადოება. ამის უფლება გვაქვს მაშინ, როდესაც არ გისმენს ხელისუფლება, ფაქტი სახეზეა. რაც უფრო მკვეთრი და პრინციპული იქნება ჩვენი პოზიცია, ჩვენ შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავაბრუნოთ ქვეყანა იმ ევროპულ, დასავლურ, ცივილურ რელსებზე, საიდანაც აგვაცდინა "ქართულმა ოცნებამ," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდიაც მიიჩნევს, რომ პროტესტის ამგვარი გამოხატვა კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჯდება.
"მშვიდობიანი გამოხატვის ფორმა, მათ შორის, პროტესტის, ეს არის კონსტიტუციური უფლება იმ მოქალაქეებისა, რომელსაც "ქართული ოცნება" ეუბნება, რომ ის კონსტიტუციური ჩარჩოდან და კონსტიტუციური საშინაო და საგარეო პოლიტიკის არჩევანიდან გადის. იმ რისკების და საფრთხეების გაუთვალისწინებლობა, რომელიც ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ კანონს მოჰყვებოდა, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ არანაირ გამჭვირვალობაზე საუბარი არ არის და ეს არის ღიად დაანონსებული კურსის ცვლა,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს გმირთა მოედანი პროტესტის ნიშნად იმ დემონსტრანტებმა გადაკეტეს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს უწყვეტად აპროტესტებენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების ნაწილმა გზა გადაკეტა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროსთან და ვარაზისხევთან. პროტესტის ამგვარმა ფორმამ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა აქციის მონაწილეები გზის გაგრძელების საშუალებას აძლევდნენ მათ, ვისაც მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ადამიანი ეჯდა.
0
0