
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. მისივე თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ უთანხმოება დიპლომატიური გზებით.
შოლცმა ეს პოზიცია ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია მიმდინარეობს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, გულწრფელი მცდელობით, მივიღოთ მშვიდობიანი, ორმხრივად შეთანხმებული გადაწყვეტა ყველა არსებული საკითხისთვის, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე თავად აზერბაიჯანში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შოლცი ყარაბაღში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა თავდასხმები დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს.
„საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია ძალიან კრიტიკულია. ბაქოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და დაუბრუნდეს დიპლომატიას მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, – წერს შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.
0
0