
საბერძნეთში, მორნოსის წყალსაცავში, გვალვით გამოწვეული წყლის დონის დაცემის შედეგად, სოფელი კალიო წყლის ზედაპირზე გამოჩნდა, რომელიც 1970-იან წლებში, ხელოვნურ ტბაში ჩაიძირა. კაშხლის მშენებლობისა და ათენის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სოფელი კალიო თითქმის 50 წლის წინ დაიტბორა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა.
როგორც The Guardian-ი წერს, წყალსაცავის მოწყობას დაახლოებით 80 შენობა, მათ შორის კალიოს ევანგელისტური ეკლესია და დაწყებითი სკოლა, "შეწირეს". ადამიანები, რომლებმაც იმ დროს კომპენსაცია მიიღეს, ათენსა და სხვა ურბანულ ცენტრებში ან მთიან ზონაში გადავიდნენ, სადაც ახალი საზოგადოება ჩამოყალიბდა. ქვის შენობის კონტურები, სადაც ოდესღაც სკოლა იყო განთავსებული, წყლის დონის დაცემის გამო, ზედაპირზე გამოჩნდა.
„წელს წყლის დონემ 40 მეტრით დაიწია, კოშმარული სიტუაციაა. ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს 1993 წლის შემდეგ. მდგომარეობა უფრო გამწვავდება, თუ ყველაფერი არ გაუმჯობესდება,” - თქვა სოფლის ვიცე-მერმა კოსტას კუცუმბასმა.
კლიმატური საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საბერძნეთი სიცხის ტალღებმა დააზარალა. ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, მდგომარეობა წლების განმავლობაში არასტაბილურმა ნალექიანობამ გაამწვავა. შედეგად, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში უნალექობა მთავარ პრობლემად იქცა. პოპულარულ კუნძულებზე, რომელთაგან ბევრი ჭაბურღილებსა და ზღვის წყლის გამფილტრავ ქარხნებზეა დამოკიდებული, ასევე განსაკუთრებით მოქმედებს ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა.
ივლისის დასაწყისში, სანამ ცხელი ტემპერატურა ყოველდღიური გახდებოდა, წყალმომარაგების კომპანია Eydap-მა განაცხადა, რომ მორნოსის წყალსაცავში წყლის დონე 30%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Eydap-ის ოფიციალურმა პირებმა წყალმომარაგების უკეთესად მართვისთვის გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც 750 მილიონიანი ევროს ინვესტიციებს ითვალისწინებს.
Eydap-მა ათენის მიმდებარე ატიკას რეგიონში მცხოვრებ 3,7 მილიონ ადამიანს წყლის შეზღუდულად გამოყენებისკენ მოუწოდა. როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, ქვეყანას მეტი კაშხლის აშენება დასჭირდება.
”ჩვენ არ გვაქვს წყლის თავისუფლად ხარჯვის ფუფუნება”, - თქვა მიცოტაკისმა.
0
0