
საბერძნეთში პოლიციამ აეროპორტის მიმდებარედ გზის გადაკეტვის მცდელობისას ფერმერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დაახლოებით 300-მა ფერმერმა 100-ზე მეტი ტრაქტორით ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების დაგვიანების გამო სალონიკის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი მთავარი მისასვლელი გზატკეცილი გადაკეტა.
როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, მცირე ჯგუფმა ტრაქტორებით გაარღვია პოლიციის კორდონი, რის შემდეგაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრმა, მიხალის ქრისოხოიდისმა განაცხადა, რომ მთავრობა ღიაა საპროტესტო აქციის ლიდერებთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა გააფრთხილა, რომ არ შეეგუება ძირითადი გზატკეცილების დახურვას.
პროტესტის მიზეზი ევროკავშირის სუბსიდიების გადახდის შეფერხება გახდა, რაც ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამოძიებამ გამოიწვია. საქმე ეხება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მისაღებად ფერმერების მიერ ინფორმაციის გაყალბებას მიწისა და პირუტყვის მფლობელობის შესახებ. მედიის ცნობით, საქმეზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
0
0