
როგორც ბერძნული მედია წერს, საბერძნეთის ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ფინალს გამოეთიშა, რადგან საქართველოში მისი წარუმატებელი თამაში - ე.წ. "ათწლეულის მატჩი" - მასპინძლებთან მარცხით დასრულდა. ძირითადი 90 წუთის განმავლობაში (რომელსაც 30 წუთი დაემატა), ბერძნებმა თამაში უგოლოდ დაასრულეს, საბოლოოდ კი, პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დამარცხდნენ. პირველად ისტორიაში, ქართველებმა გერმანიაში ჩასატარებელი ევრო 2024-ის ფინალის საგზური მიიღეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს საქართველოს მერვე მცდელობა იყო ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. „დინამო არენაზე“ 120 წუთის განმავლობაში, საქართველოს ნაკრები ნამდვილად უკეთესად ასპარეზობდა ბერძნებთან შედარებით, რომლებმაც ხუთი დღის წინ, ათენში ყაზახეთის ნაკრები 5-0 ანგარიშით დაამარცხეს. თბილისში კი, დაძაბული თამაში ანგარიშით 4-2 - ქართული ნაკრების წარმატებით დასრულდა.
ბერძნული საინფორმაციო სააგენტო Ekathimerini წერს, რომ როგორც ჩანს, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ურუგვაელი მწვრთნელის გუსტავო პოიეტისთვის ეს უკანასკნელი მატჩი იყო.
"ეს მატჩი ასე არ უნდა დასრულებულიყო", - თქვა პოიეტმა თამაშის შემდეგ და ხაზი გაუსვა, რომ მისი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად განადგურებულნი არიან. პოიეტმა თავისი კარიერის მომავალზე საუბრისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ „ახლა ამის შესახებ კომენტარის გაკეთებისთვის შესაფერისი მომენტი არ არის.“
„დიდი ტურნირისთვის საბერძნეთის 10-წლიანი ლოდინი გაგრძელდება, საქართველო კი მოუთმენლად ელის ევრო 2024-ზე F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ასპარეზობას,“ - წერს ბერძნული მედია.
გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.
0
0