17/11/2022
17:20
მსოფლიო
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის თვითმფრინავი ტრიპოლში დაეშვა, მაგრამ დიპლომატმა ჩასვლაზე უარი თქვა და უკან გაფრინდა,
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ხელშეკრულებების დარღვევის გამო მოხდა, რომლის მიხედვითაც, დენდიასს ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარესთან, მოჰამედ მენფისთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა, მაგრამ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს აეროპორტში ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნაჯლია მანკუში დახვდა, რომლის იქ ყოფნა პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო.
აღსანიშნავია, რომ ტრიპოლში ჩასვლა თავდაპირველად დენდიასის ოფიციალურ ვიზიტში არ შედიოდა, თუმცა, როგორც ამბობენ, მენფიმ ბერძენ მინისტრს შეხვედრა სთხოვა. მოლაპარაკებები შეთანხმებული იყო იმ პირობით, რომ შეხვედრას მხოლოდ დენდიასი და მენფი დაესწრებოდნენ. როდესაც გაირკვა, რომ მანკუში აეროპორტში ჩავიდა, ბერძნულმა დელეგაციამ სასწრაფოდ ბენღაზში გამგზავრება გადაწყვიტა.
ნაჯლია მანკუშმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ნახშირწყალბადების საბადოების ერთობლივი ექსპლუატაციისა და გეოლოგიური კვლევის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მანამდე საბერძნეთმა ხელშეკრულება და მემორანდუმი სამხედრო თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შესახებ, საზღვაო ზონებთან დაკავშირებით, არ აღიარა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელმა, ფაიეზ სარაჯმა ხელი მოაწერეს.
0
0