
6 დეკემბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საქართველოდან ჩამოსულ განსაკუთრებულ სტუმრებს - აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს და ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენიას, იოანას უმასპინძლა. სტუმრებს ასევე ახლდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ათენში, ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი აბიბოსი და არქიმანდრიტი ნიკოლოზი.
საელჩოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქმეთა დროებითი რწმუნებული დარეჯან მუმლაძე, კონსული გელა ჯაფარიძე და უფროსი მრჩეველი დავით კორძაძე.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ეპარქიაში არსებული მთავარი მიღწევები და სიახლეები. ასევე, საბერძნეთში ქართული დიასპორისათვის და მრევლისთვის დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. საუბარი აგრეთვე შეეხო სამომავლო გეგმებს და მათ განხორციელებაში საელჩოს შესაძლო ჩართულობას. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დარეჯან მუმლაძემ, საელჩოს მანდატისა და რესურსების ფარგლებში თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში მოკლე ვიზიტის ფარგლებში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში მეუფე დავითმა ქართული დიასპორისთვის ქართულ ენაზე საღმრთო ლიტურღია აღავლინა, რომელსაც უამრავი ქართველი ემიგრანტი დაესწრო. მეუფე დავითის თანამწირველები იყვნენ: საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი ათენში არქიმანდრიტი აბიბოსი, ქართული სამრევლოს წინამძღვარი. ათენის ქართველი სასულიერო პირები კი: არქიმანდრიტი სინესიოსი და არქიმანდრიტი ნიკოლოზი. ასევე, არქიმანდრიტი მირიანი და არქიმანდრიტი ანდრეა. წირვას ესწრებოდნენ ათენში მცხოვრები ქართველები, საქართველოს კონსული ათენში გელა ჯაფარიძე და ათენში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები.
0
0