
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ფრიდრიხ მერცს, რომელიც კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) ლიდერია, არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„გადამწყვეტი გამარჯვება ჩვენი პოლიტიკური ოჯახისთვის, გერმანიისთვის და ევროპისთვის. ვულოცავ ფრიდრიხ მერცს. ერთი რამ ცხადია: თქვენ იქნებით გერმანიის მომავალი კანცლერი“, – წერს მიცოტაკისი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 28,6 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 20,4 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16,3 პროცენტი აქვს. გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალურმა, „კავშირი-90“/„მწვანეებმა“ 12,3 პროცენტი მიიღეს. „მემარცხენე პარტია“ 8,5 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.9 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.7 პროცენტს.
0
0