27/10/2024
01:14
არჩევნები 2024
საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ცუდი პრაქტიკის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 21 საჩივარი , - ამის შესახებ საიას სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, საიამ დააფიქსირა ფიზიკური დაპირისპირების და შელაპარაკების რამდენიმე შემთხვევა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის, შესაძლოა, სახეზე იყოს არჩევნებში ნების გამოვლენის ხელშეშლა;
საია აღნიშნავს, რომ 21:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა.
„საია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის ფარგლებში, გაგაცნობთ 21:00 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას.
საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების შესახებ მონაცემებს, ასევე იმ ტენდენციებს, რომლებიც კენჭისყრის დღის მეორე ნახევარში საარჩევნო უბნებსა და მათ პერიმეტრებზე გამოვლინდა.
21:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. მისიამ 15:00-იდან 20:00-მდე გამოავლინა ხმის ფარულობის დარღვევის, ფიზიკური ძალადობის და მუქარის, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები.
საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ცუდი პრაქტიკის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 21 საჩივარი.
უბნების შიგნით და უბნებიდან 100 მეტრის პერიმეტრში ისევ გაგრძელდა ამომრჩეველთა აღრიცხვა და დიდი რაოდენობით მოქალაქეთა შეკრება.
საიას დამკვირვებლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე - კომისიის წევრი, ხოლო უბნის გარეთ - უცნობი პირი თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს ფაქტზე რეაგირება.
ამასთანავე, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნებოდა აგრესია და მტრული გარემო მედიის წარმომადგენლების მისამართით. გამოვლინდა შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რომლებზეც საიამ ცალკე განცხადება გაავრცელა.
საიამ, ასევე, აღრიცხა ფიზიკური დაპირისპირების და შელაპარაკების რამდენიმე შემთხვევა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის, შესაძლოა, სახეზე იყოს არჩევნებში ნების გამოვლენის ხელშეშლა; კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა; ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.
საია არჩევნების დღის საბოლოო შეჯამებას ხვალ 11:00 საათზე შესთავაზებს საზოგადოებას.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საია ქვეყნის მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში, 64 საარჩევნო ოლქში და საზღვარგარეთის 15 ქვეყანაში 650-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. საია საარჩევნო მისია ფარავს 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს, რაც საერთო საარჩევნო უბნების დაახლოებით ნახევარია.
საარჩევნო უბანზე საია წარმოდგენილია როგორც სტატიკური, ისე მობილური დამკვირვებლებით. ისინი მონიტორინგს უწევენ საარჩევნო პროცესს უბნის გახსნის მომენტიდან და დარჩებიან უბნებში იმ დრომდე, სანამ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები არ შედგება. ასევე, საიას 30 ოლქის დამკვირვებელი შესაბამის ოლქებში მთელი ღამის განმავლობაში დააკვირდება სხვადასხვა უბნიდან ოლქებში დოკუმენტაციის მიღების პროცედურებს. ამასთანავე, საიას მისია შეისწავლის 3111-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებს, რაც მოიცავს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ არსებულ უბნებს.
მისიაში ჩართულია 7 რეგიონული და 1 ცენტრალური შტაბი, რომლებიც კოორდინაციას უწევენ საიას სადამკვირვებლო მისიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საიას ცენტრალურ შტაბში არჩევნების დღეს ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 577 07 05 67. ამ ნომრის გამოყენებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კონსულტაციის გავლა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. დარღვევების თაობაზე ინფორმაციის მოწოდება ასევე შესაძლებელია მეილის მეშვეობით - archevnebi@gyla.ge“, - ნათქვამია ანგარიშში.
0
0