საარჩევნო პროცესი მაღალი გამჭვირვალობითა და ღიაობით ჩატარდება და დამატებით ინიციატივები ამასთან მიმართებაში, ვფიქრობ, აბსოლუტურად ზედმეტია, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივაზე - „ხმების მცველის სკოლის“ შექმნის შესახებ. კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას იგი არ იცნობს, თუმცა გაეცნობა და ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია მოგვიანებით ექნება.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ 26 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა 90%-თვის საარჩევნო უბნებზე ჩვენ გვექნება განთავსებული ტექნოლოგიური საშუალებები, რომელთაგანაც ერთი არის ამომრჩეველთა რეგისტრაცია-ვერიფიკაციისთვის, ხოლო მეორე - ამომრჩეველთა ხმების დათვლისთვის. იგი იძლევა უტყუარ და ზუსტ ინფორმაციას შედეგების მონაცემებთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ აპარატი დათვლის და მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასწარი მონაცემების გაცნობას და სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელი იქნება კონკრეტულ საარჩევნო უბანზე მყოფ პირებს წინასწარი მონაცემები გავუზიაროთ ამობეჭდილი ქვითრების სახით - დამატებით იმისთვის, რომ პროცესში უზრუნველყოფილი იყოს მაღალი საჯაროობა და გამჭვირვალობა. ესეც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, უზრუნველყოფილი იქნება ყველა უბნის ხელით გადათვლა და მხოლოდ ამის შემდეგ შემაჯამებელი ოქმის შედგენა ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც აპარატი იქნება განთავსებული“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
0
0