05/11/2024
11:43
მსოფლიო
აშშ-ის კოლორადოს შტატის მდივანმა ჯენა გრისვოლდმა განაცხადა, რომ საარჩევნო აღჭურვილობის პაროლები ინტერნეტში ოთხი თვის განმავლობაში იყო განთავსებული, სანამ მათ შეამჩნევდნენ და წაშლიდნენ. Foxnews-ის ცნობით, კოლორადოს “ლიბერტარიანული პარტია” შტატს არჩევნების წინ ამ დარღვევის გამო უჩივის.
დემოკრატმა გრისვოლდმა თქვა, რომ ინტერნეტში პაროლები 21 ივნისს განთავსდა და 24 ოქტომბერს წაიშალა.
„კოლორადოს შტატის დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა ელექტრონული ცხრილი შექმნა, რომელიც დამალულ ჩანართში პაროლებს შეიცავდა. შემდეგ ეს ცხრილი დეპარტამენტის საარჩევნო სისტემების აღჭურვილობის გვერდზე განთავსდა. აღნიშნული დარღვევა 24 ოქტომბერს აღმოვაჩინეთ, ის მაშინვე საჯარო არ გამხდარა. დადგინდა, რომ პაროლების გაჟონვამ კოლორადოს 64 ოლქიდან 34-ზე მოახდინა გავლენა,“ - განაცხადა გრისვოლდის ადმინისტრაციამ.
როგორც გრისვოლდის ადმინისტრაცია იუწყება, დარღვევის გასაჯაროებამდე, დეპარტამენტის თანამშრომელმა „მშვიდობიანად“ დატოვა სამსახური, თუმცა გრისვოლდმა თანამშრომლის წასვლის შესახებ კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ დარღვევა 24 ოქტომბერს აღმოაჩინეს, ინციდენტი მანამდე არ გახმაურებულა, სანამ [ხუთი დღის შემდეგ] კოლორადოს რესპუბლიკურმა პარტიამ ის ელ.წერილში არ გამოავლინა. გრისვოლდის მტკიცებით, დარღვევის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ იმიტომ არ აცნობეს, რომ მათ არ იცოდნენ პაროლები აქტიური იყო თუ არა. მისი თქმით, მას სურდა, პირველ რიგში, „გამჟღავნების მასშტაბი და მოცულობა“ გაეგო.
გრისვოლდის მტკიცებით, კოლორადოში არჩევნების უსაფრთხოება დაცულია.
„კოლორადოში არჩევნების პროცესი უსაფრთხოა. კოლორადოელებისთვის არჩევნების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ, შტატის დეპარტამენტი, საოლქო მდივნებთან და საარჩევნო სისტემის თანამშრომლებთან ერთად, შტატის მასშტაბით, სრული სერიოზულობით მუშაობს არჩევნების დროს მოსალოდნელი ნებისმიერი პოტენციურ რისკის თავიდან აცილებაზე. ვწუხვარ ამ შეცდომის გამო. მე ვალდებული ვარ ვუზრუნველვყო, რომ ეს საკითხი სრულად გადაიჭრას და მსგავსი შეცდომები აღარასოდეს განმეორდეს“, – განაცხადა ჯენა გრისვოლდმა.
მდივნის ადმინისტრაციის განცხადებით, ის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იურიდიულ ფირმასთან თანამშრომლობს, რათა დადგინდეს, თუ როგორ მოხდა დარღვევა და, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით, თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ინციდენტი. ადმინისტრაციამ დასძინა, რომ, დამატებითი კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი, რაც პაროლის მართვასა და უსაფრთხოების პროცედურებს ეხება.
0
0