30/07/2024
19:22
ეკონომიკა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ დამდგარი შედეგის მიუხედავად, ჭეშმარიტად სამწუხარო ის გახლავთ, რომ მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია პროექტის განვითარების წლობით დაყოვნება, ათობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა და მილიონობით მიუღებელი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში, – ამის შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია აღნიშნული.
კონსორციუმის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია აირჩიეს.
„როგორც ჩვენს 29 ივლისის განცხადებაში აღვნიშნეთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები იმედგაცრუებული არიან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერება აირჩიეს. მნიშვნელოვანია ამ საკითხის შესაბამისი კონტექსტის ფარგლებში გააზრება. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, მთავრობის დიდი ხნის კამპანია ანაკლიის პორტის თავდაპირველი პროექტის (მას შემდეგ, რაც თავდაპირველად მთავრობამ მოიწონა პროექტი) და ამ პროექტის ინვესტორების წინააღმდეგ საჯაროდ ცნობილია. არბიტრაჟს არ დაუდგენია, რომ კამპანიამ პროექტის წარუმატებლობა გამოიწვია.
ADC-ის მიმართ დამდგარი შედეგის მიუხედავად, ჭეშმარიტად სამწუხარო ის გახლავთ, რომ მთავრობის ამ ქმედებებმა შედეგად გამოიწვია პროექტის განვითარების წლობით დაყოვნება, ათობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა და მილიონობით მიუღებელი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში და მისაღები შემოსავალი, რითიც საქართველოს მოქალაქეები სარგებელს მიიღებდნენ. ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღნიშნულიდან არაფერს არ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გამარჯვებად მიიჩნევს, იგი არ შეიძლება, გამარჯვებად ჩაითვალოს. გადაწყვეტილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან. ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს მოსახლეობას მცდარი, საქართველოსთვის სახარბიელო სურათი დაუხატეს. აღნიშნული კი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
სინამდვილეში, ეს იყო მწვავე დავა (გადაწყდა 2-1-ის წინააღმდეგ) და ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ADC-ის მიერ დაყენებულმა მოთხოვნებმა მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭრა და გააჩინა ლეგიტიმური კითხვები.
რეალური სურათის აღსაქმელად:
- პირველ რიგში, სამი არბიტრიდან, ერთ-ერთმა დაწერა განსხვავებული აზრი ADC-ის სასარგებლოდ. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ტრიბუნალმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის სასარგებლოდ;
- მეორე, მინისტრმა რატი ბრეგაძემ არასწორად აღნიშნა, რომ ADC-ის მოთხოვნა შეადგენდა 1.5 მილიარდ დოლარს. რეალურად, მოთხოვნა აღნიშნული თანხის მესამედზე ნაკლები იყო;
- მესამე, მთავრობას, ADC-ს წინააღმდეგ დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე ერთხმად ეთქვა უარი;
მეოთხე, მთავრობის სასარგებლოდ არ მომხდარა ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ADC-ს დაევალა ტრიბუნალისა და საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება, საქართველოს მოთხოვნა, ADC-ს აენაზღაურებინა სახელმწიფოს მიერ გაწეული საგულისხმო ოდენობის სამართლებრივი და სხვა სახის ხარჯები, არ დაკმაყოფილდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულმა არცერთმა ქმედებამ არ შეუწყო ხელი ADC-ს, რათა მას ანაკლიის პორტის პროექტი რეალურად განეხორციელებინა.
„უმრავლესობის გადაწყვეტილების რეალური საფუძველი გახლდათ ის, რომ, მთავრობის ქმედების მიუხედავად, ADC-მ აიღო რისკი იმისა, რომ მთავრობა ძირს გამოუთხრიდა პროექტს. ხელშეკრულება არ გვაძლევდა რაიმე გარანტიას აღნიშნულის წინააღმდეგ. გადაწყვეტილებით არ მომხდარა იმის უარყოფა, რომ მთავრობამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პროექტისათვის არასახარბიელო იყო. გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფაქტს ადგენს, რომ ADC-მ აიღო ის რისკი, რომ მთავრობა არ იქნებოდა ანაკლიის პროექტის მხარდამჭერი და ამის ნაცვლად, მოახდენდა ფოთის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი კატეგორიულად არ ეთანხმება ამ პოზიციას და ამბობს, რომ მთავრობამ დაარღვია კეთილსინდისიერების ვალდებულება.
სამწუხაროდ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საინვესტიციო ხელშეკრულების იმ განმარტებით, რაც ტრიბუნალის უმრავლესობამ დაადგინა, მთავრობა არ იყო ვალდებული, მხარი დაეჭირა პროექტისთვის. ასე რომ, ვიწრო სამართლებრივი ხედვით, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ უპირატესობა, თუმცა რეალურად დაზარალებული ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობაა, რადგან მთავრობა არ განახორციელებს პროექტს იმგვარად, როგორც ამას საქართველოს მოსახლეობას თავდაპირველად დაჰპირდა. აღნიშნულმა საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა ათიათასობით სამუშაო ადგილი, ეკონომიკური შესაძლებლობები და რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში სათანადო სტატუსი. მთავრობას ჯერ კიდევ არ განუხორციელებია ანაკლიის პორტი, მიუხედავად მრავალი დაპირებისა – ტენდერის გამოცხადებიდან ოთხ-ნახევარი წლის შემდეგ, პროექტი ჯერ კიდევ არ არსებობს.
ღია კითხვად რჩება, ანაკლიის პროექტის მიმართ ხელისუფლების ქმედებამ გამოიწვია თუ არა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების დარღვევა. ეს საკითხი გადაწყდება ICSID-ის ცალკეულ საარბიტრაჟო განხილვაში, რომელიც ADC-ის ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა ჰოლანდია-საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში წამოიწყო და რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0