28/04/2025
19:25

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და სასჯელი ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.
დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გიორგი ოკმელაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა. ბრალდებული უკვე რამდენიმე თვეა, ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელს თავს არ დასხმია. საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა და დღევანდელ პროცესზე სწორედ ის ვიდეოჩანაწერი განიხილეს, რაც გამოძიებამ ოკმელაშვილის წინააღმდეგ წარადგინა. ადვოკატის თქმით, ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ ისინი სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.
შეგახსენებთ, ოკმელაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ეს გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას. პროკურატურა ოკმელაშვილს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილსაც ედავებოდა (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა), თუმცა 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მას ეს ბრალი მოეხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა. ამ მუხლით ჩადენილ დანაშაულს პარლამენტის მიღებული ამნისტიის კანონი შეეხო.
0
0