
თბილისის სააპელაციო სასამართლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენების გარეშე განიხილა სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება.
„2023 წლის 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა, სადაც მსჯავრდებულის ადვოკატები ითხოვდნენ ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით საჩივარში ასევე უთითებდნენ განაჩენის აღსრულების გადავადებას - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძის, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერიან გელბახიანის სააპელაციო საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მასალების/ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0