28/04/2022
11:46
პოლიტიკა
სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა მას შემდეგ, რაც ის სახელმწიფოს ხარჯზე ვერ უკვეთავს კონკრეტულ კვების პროდუქტებს, ბევრი სხვა კუთხითაც. მას ხალხის ხარჯზე ცხოვრების სხვა ხარისხი ჰქონდა და ახლა სხვა აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ლოგიკურია, რომ სააკაშვილი ამას განიცდის.
აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას.
„ამ დასკვნაში იყო ერთი საინტერესო ფრაზა, რომ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესებულა მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა საქართველოში და ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში. რა თქმა უნდა, სააკაშვლის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა მას შემდეგ, რაც ის სახელმწიფოს ხარჯზე ვერ უკვეთავს მაგალითად, კონკრეტულ კვების პროდუქტებს, ბევრი სხვა კუთხითაც. მას ხალხის ხარჯზე ცხოვრების სხვა ხარისხი ჰქონდა და ახლა, ბუნებრივია, ცხოვრების სხვა ხარისხი აქვს, რაშიც არაფერი განსაკუთრებული არ არის. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სააკაშვილი ამას განიცდის.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თუკი ვინმე ითხოვს ან მომავალში მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას, ყველას მიზანია, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს. მისივე თქმით, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.
„მინდა, მკაფიოდ, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვინც სააკაშვილის გამოშვებას ითხოვს ან მომავალში მოითხოვს, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში. თუკი ვინმე ითხოვს ან მოითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, ყველას მიზანია საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან მკაფიო. სააკაშვილმა უნდა მოიხადოს თავისი სასჯელი“, – აღნიშნა კობახიძემ.
0
0