23/12/2024
12:39
პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებულია.
გორდულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს საწინააღმდეგო ინტერესების ერთ-ერთი გამტარებელი.
„არსებობს ქართული ანდაზა – ქურდს ქუდი ეწვისო, სააკაშვილს სწორედ ასეთი წამოცდენა ჰქონდა. მას წამოსცდა, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა ის აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს. როცა მიხვდნენ, რა წამოცდენა ჰქონდა სააკაშვილს, სტატუსი სასწრაფოდ გაასწორებინეს. ახლა უნდათ, ასწორონ, უნდათ, გაიტანონ და უნდათ, შემოიტანონ თავიანთი ფალავანი, რომელიც ასე წამოკოტრიალებულია დიღმის მასივში, ქალაქის შემოსასვლელში. ამ ადამიანმა რა განცხადებებიც უნდა აკეთოს, საერთოდ აზრს მოკლებულია, რადგან დამსგავსებულია ბოროტ მასხარას, რომელიც აღარც იღებს დავალებებს პატრონისგან და ცდილობს, როგორმე თავისი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, მეც აქ ვარ, არ დაგავიწყდეს, ხალხოო.
ქართველ ხალხს კარგად აქვს გააზრებული, რა ძალა ებრძვის ქვეყანას, ქართველ ხალხს და როგორია საქართველოს საწინააღმდეგოდ მომართული ინტერესები. ამ ინტერესების ერთ-ერთი გამტარებელი მიხეილ სააკაშვილია, თავისი წამოცდენებით. ეს ადამიანი ფორმიდან ამოვარდა და პატრონების დავალებებს, როგორც ჯაშუშს შეეფერება, კარგად ვეღარ ასრულებს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აქციებთან დაკავშირებით 22 დეკემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა პოსტი შეასწორა და აღნიშნა, რომ აქციებთან დაკავშირებით მისი დანაბარები არასწორად დაიპოსტა.
0
0