27/10/2021
10:12
პოლიტიკა
„ანუ, ყველა პატიმარს ეკუთვნის ეს, მაგრამ ამ პატიმარს ეკუთვნის სხვა რამე; ყველა დამნაშავეს ეკუთვნის სასჯელი, ნულოვანი ტოლერანტობა, არავითარი პირობითი მსჯავრი და ყველა ციხეში, მე კი ვიშიმშილებ და ან გავთავისუფლდები, ან მოვკვდები. პოლიტიკურ ენაზე ამას ცოტა სხვა რაღაც ჰქვია. როცა ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობის დროს ირლანდიის თავისუფლებისთვის მებრძოლები შიმშილობისას დაიხოცნენ, ისინი იდეისთვის და თავიანთი დამოუკიდებლობისთვის შიმშილობდნენ, ამის უკან კი, ან გარეთ გამომიშვი, ან შიმშილობით მოვკვდები, არაფერი იდეა არ დგას. ეს ძალიან ჰგავს შანტაჟის ენაზე ლაპარაკს, რომელსაც საუბედუროდ, „ქართული ოცნება“ არა ერთხელ დაექვემდებარა და სულ მაქვს მოლოდინი, რომ ახლაც დაექვემდებარება“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა .საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ,
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იქნება ამის შედეგი, თუ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერს დაუთმობს და სად მივალთ ამ შედეგით როგორც საზოგადოება, ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ძირითადი თავდასხმები ირაკლი ღარიბაშვილზე მიდის, რომლის პოზიციაც ბევრად უფრო გამოკვეთილია და თუ ერთხელ მოახერხეს და ღარიბაშვილი გადააყენეს, ეს მეორედაც შეიძლება, მოხდეს.
„ქართული ოცნებისგან“ ესეც არ არის ძალიან მოულოდნელი სცენარი. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ პრობლემების მთელი ეს გორგალი, რაც მოხდა, ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის დამსახურებაა. უკვე აღარ შეიძლება იმის მოთმენა, რომ რეჟიმის მიერ განადგურებული ადამიანები არჩევნებამდე ორი თვით ადრე ახსენდებათ.
ქართველ ხალხს კოაბიტაცია რომ სდომოდა, 2012 წელს იმ ფესვგადგმულ „ნაციონალურ“ რეჟიმს ვერ მოვიშორებდით. ხალხს კოაბიტაცია არ უნდოდა. დღეს, ის ადამიანები, ვინც ამაში გვარწმუნებდა, რომ კოაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთა იყო, ისევ „ნაციონალური მოძრაობისკენ“, თავისი ორგანული მოკავშირისკენ გადაბარგდნენ. ყველა ის ადამიანი, რომელიც რეჟიმს ებრძოდა და „ოცნებას“ გვერდით დაუდგა, მათ შორის, სიცოცხლის რისკის ფასად, „ქართულმა ოცნებამ“ ნელ-ნელა გარიყა და თავისი რიგებიდან მოიშორა. ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. სააკაშვილი კი არ არის აქ ჩამოსული სიცოცხლის რისკის ფასად?! მისი რეჟიმისგან განსხვავებით, მას აქ არაფერი არ ემუქრება, არავინ ქუჩაში არ მოკლავს და არავინ ციხეში არ მოკლავს“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.
0
0