
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ აფხაზეთის ომის ვეტერანს, მალხაზ თოფურიას უსმენენ.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2009 წლის 15 ივნისის, ასევე, 2011 წლის ვეტერანების აქციის მოვლენები განიხილება.
მალხაზ თოფურიას თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ „ზონდერების მიერ ვეტერანების ცემის გაპრავება სცადა და ნუგზარ წიკლაურს და ვახტანგ ბალავაძეს ათქმევინეს, რომ ვეტერანები მემორიალს აშარდავდნენ“.
„როგორ სცადეს პირველი გაპრავება, ზონდერებს რატომ ვაცემინეთ ვეტერანებიო. ჩატარდა თათბირი, უნდა ითქვასო, იმიტომ ვაცემინეთ ზონდერებს ვეტერანებიო, რომ ეგენი მემორიალს აშარდავდნენო. წარმოუდგენელი სიბინძურე, უფრო მეტს რომ ვერ მოიგონებ, ნიჭიერება უნდა, რომ ასეთი ბოროტება მოიგონო. უკან არის ფეშენებელური ტუალეტი, დაცვის ბიჭები რომ დგანან, იქ ყველაფერი ლამაზად გაკეთებულია და რატომღაც, თურმე ვაშარდავდით ჩვენ ჩვენი ძმების და ბიძაშვილების სახელებს. სხვათაშორის, „ნაციონალებს“ შიგნითაც კი გაუჭირდათ, ვინ იტყვის ამასო და ორად ორი კაცი გამოდგა ასეთი – ბალავაძე, რომელიც დეპუტატი იყო და ნუგზარ წიკლაური. ამ ორმა თქვა, ჩვენ ვიტყვითო. მას შემდეგ ვითხოვ, რომ, ბიჭო, გამოდი, ერთხელ თქვი, რომ ტყუილი თქვი, შე უნამუსო, და აღარ შეგაგინებ. იტანს ამ გინებას, მაგრამ არ იხდის ბოდიშს, ისევ იმას აგრძელებს. თან ათი კამერა გვიღებდა, მასალას დადებდნენ, რამე რომ დაგვეშავებინა“, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.
ამასთან, მალხაზ თოფურიამ გაიხსენა სტუდენტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ვეტერანებზე მაშინ ისეთი რამ თქვა, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია.
„მინდა, ვთქვა ყველაზე მთავარი, ყველაზე მტკივნეული. წლებია, მტკივა და მესიზმრება ხოლმე – სტუდენტებს ხვდება სააკაშვილი. ამ შეხვედრაზე მან თქვა წარმოუდგენელი რამ. ჩვენ გვეკიდა საბრძოლო დროშები, ეს იყო შავნაბადას, არწივის დროშა, გვეკიდა კონფედერატებისთვის წართმეული, დიდი მეთაურების, ჩეჩენი მეთაურები, იმათი ხელმოწერებით, ბრძოლაში მოპოვებული დროშა. ეს დროშები გვქონდა იქ, რადგან ჩვენი სიამაყეა და ეს სიამაყე მარტო ჩვენი კი არ არის, ერის სიამაყეა. სტუდენტებს ხვდება, ხომ საოცარი იუმორი აქვს და საოცრება თქვა, ტრუსიკები ჰქონდათ გამოფენილიო, ამ დროშებზე იძახის. სხვათაშორის, რამდენიმე სტუდენტმა თავი ჩაქინდრა. ვიცი, რომ ახლა წამოგორებულია, აიქოსი პირში უდევს, ხითხითებს ან რაღაც და მიყურებს, მინდა, მას მივმართო, მიშა, ბოლომდე მომისმინე, რაც მინდა, გითხრა – სულ ტრუსიკი და ლიფი რომ გეჩვენება, შე ავადმყოფო, არც შენს წინაპარს და არც შენს შთამომავალს სამშობლოს დაცვა არ სდომებია და არ მოუწევს. შენ ხარ ბებუთოვის შთამომავალი, მეფე ერეკლეს რომ მეზარბაზნეები არ ჰყავს, ის ხარ შენ და შენი გენიც ეგ არის, მთლიანად, კაკებეშნიკი ბიძაშენიანად, რომ იცოდე, მიშა, ეგ ხარ შენ. წარმოიდგინეთ, თურმე ტრუსიკები გავფინეთ იქ. ტრუსიკი დაარქვა საქართველოს მთავარ ღირსებას, საბრძოლო დროშებს. კარგად იცოდა, რასაც ამბობდა, მაგრამ ხომ უნდა გავენადგურებინეთ, ახალგაზრდობის თვალში ხომ ვეტერანი უნდა მოეკლა, აბსოლუტურად გაენადგურებინა. ვეტერანს ვინ ჩივის, 2008 წლის შემდეგ ჯარისკაცები რა დღეში იყვნენ“, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.
0
0