28/05/2023
00:02
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ასეთია, თუ რაღაცაზე გაბრაზდა, შეიძლება, ძლიერი მოძრაობა ისეთი გააკეთოს, რომ დაამსხვრიოს ნახევარი ქვეყანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ვსაუბრობ ადამიანზე, მიშამ სრულიად უტაქტოდ რომ მოხსნა თანამდებობიდან, შედეგად, სალომემ აქციაზე ხალხს უთხრა, ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო. მაშინ ხომ გახსოვთ, ძალიან დენთის კასრივით იყო მთელი საზოგადოება. მოკლედ, თუ გაბრაზდა, სახიფათო ქალია. სალომეზე აქცენტს ნაკლებად გავაკეთებ, ბევრი მიზეზის გამო და ვიტყვი შემდეგს – ყველა საზოგადოება სუბკულტურებს ქმნის ხოლმე, დაწყებული კრიმინალების სუბკულტურიდან, დამთავრებული უამრავი პროფილის სუბკულტურით. სააკაშვილმა მოახერხა და მიშისტური სუბკულტურა შექმნა საქართველოში.
ისე, რომ შეიძლება, მიშას არც აღიარებდეს ვიღაც და ვერც იტანდეს, მაგრამ იმ სუბკულტურის წევრი იყოს. სალომე ვერ იტანს მიშას, ახლა რაც გავიხსენე, ეს ისტორიაც კმარა, მაგრამ მიშისტური აქვს დამოკიდებულება სიტყვის, ადგილის და ეროვნული დღესასწაულის მიმართაც კი. მათ შორის, ევროპის მიმართ დამოკიდებულებაც, რომ არიქა, ევროპაზე არ უნდა ვილაპარაკოთ ოდნავ მაინც გადაბრუნებულად. ამ დროს, ევროპის ცენტრიდან წამოსული ფორმულაა – ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ამით მაინც ეცი პატივი ევროპას, რომ გაიზიარო მისი ღირებულებები, მაგრამ ესეც მიშისტური სუბკულტურის ერთ-ერთი ნიშანია. მათ არ აინტერესებთ რეალობა, რეალური ევროპული კულტურა, რეალური ჰუმანიზმი და დემოკრატია. მათ ეს ევროპული, დემოკრატიული და ა.შ. სიტყვები სჭირდებათ, როგორც საშუალება, რომ მიაღწიონ რაღაც მიზანს“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, 26 მაისის დღესასწაულზე ოპოზიციის მსვლელობა ანტისახელმწიფოებრივი იყო და სალომე ზურაბიშვილიც სააკაშვილის მიერ შექმნილი ამ პოლიტიკური კულტურის ნაწილი გახდა.
„26 მაისს რომ საპროტესტო აქციით მოდიან, არიქა, რუსეთისკენ მიდის სახელმწიფო და ჩვენ გვინდა, წავიყვანოთ ევროპისკენო, ეს ანტისახელმწიფოებრივი არ არის? სააკაშვილის მიერ შექმნილ ამ პოლიტიკურ კულტურაში ასეთი რამეები მოსულა და ამ კულტურის რაღაც ერთი ნაწილი, ერთ-ერთი წევრი გახდა სალომე ზურაბიშვილი“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
0
0