
მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანის საკითხი უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია.
სააკაშვილის წამოყვანის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ ზელენსკის მრჩეველმა "პირელებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
პოდოლიაკის შეფასებით, სააკაშვილი უკრაინის სრულფასოვანი მოქალაქეა და ამავე დროს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, ამიტომ კიევი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუდმივად მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას მის გადაყვანაზე თანხმობის მისაღებად, სულ მცირე სამედიცინო მიზეზებით მაინც.
მისი თქმით, პრობლემა იმაშია, რომ სააკაშვილის თავისუფლებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება პირადად რუსეთის ინტერესებზეა დამოკიდებული. პოდოლიაკის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა პუტინისთვის პირადი ანგარიშსწორების საგანია, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს.
„რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან მას მივიჩნევთ უკრაინის სრულუფლებიან მოქალაქედ და, ამასთან, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია. ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით. სხვა იურიდიული ფორმა თუ გამოჩნდება, უკრაინის პრეზიდენტი ამ ფორმულებით ისარგებლებს. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, უპირობოდ, ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
0
0